2024 წლის 9 თვის განმავლობაში სადაზღვევო კომპანიებმა 243 მილიონი ლარის სადაზღვევო მოგება მიიღეს, ხოლო წმინდა მოგებამ 115 მილიონი ლარი შეადგინა, რაც გასული წლის ანალოგიური პერიოდის შედეგს (₾63 მლნ) 1.8-ჯერ აჭარბებს. ამის შესახებ სადაზღვევო ბაზრის 9 თვის მიმოხილვაშია აღნიშნული, რომელიც დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურმა გამოაქვეყნა.
ანგარიშის მიხედვით, 9 თვის განმავლობაში მოზიდულმა სადაზღვევო პრემიამ პირდაპირი დაზღვევის საქმიანობიდან 983 მილიონი ლარი შეადგინა, რაც წლიურად 20%-ით გაზრდილი მაჩვენებელია. მოზიდული სადაზღვევო პრემიის ოდენობით დაზღვევის შემდეგი 5 სახეობა ლიდერობს:
- სამედიცინო (ჯანმრთელობის) დაზღვევა - ₾428 მლნ;
- სახმელეთო სატრანსპორტო საშუალებათა დაზღვევა - ₾192 მლნ;
- ქონების დაზღვევა - ₾111.8 მლნ;
- სიცოცხლის დაზღვევა - ₾81.2 მლნ;
- სამოქალაქო პასუხისმგებლობის დაზღვევა - ₾61.7 მლნ.
ამასთან, სადაზღვევო კომპანიების აქტივების ჯამური მოცულობა შეადგენს 1 532 მილიონ ლარს, ხოლო კაპიტალი 451 მილიონ ლარს.
ცნობისთვის, 30 სექტემბრის მდგომარეობით, სულ რეგისტრირებულია 19 სადაზღვევო კომპანია, რომლებიც ფლობენ სიცოცხლის და არასიცოცხლის დაზღვევის ლიცენზიას.