"საქართველოში მომრავლდა უცნაურ გარემოებებში მომხდარი სადაზღვევო შემთხვევები",- ამის შესახებ "საქმის კურსს" სადაზღვევო ასოციაციის გამგეობის თავმჯდომარემ დევი ხეჩინაშვილმა განუცხადა.
მისი თქმით, გახშირდა ისეთი შემთხვევები, როგორიცაა მანქანის ხევში გადავარდნა და დაწვა, მგზავრების გარეშე. ხეჩინაშვილი ამბობს, რომ არამარტო საქართველოში, მსოფლიოშიც არის მსგავსი ტიპის პრაქტიკა.
"ჯერჯერობით დადასტურებულად გახსნილი შემთხვევები არ ყოფილა, თუმცა, მომრავლდა უცნაურ გარემოებებში მომხდარი სადაზღვევო შემთხვევები, მაგალითად არაერთი მანქანა გადავარდა ხრამში და დაიწვა მგზავრების გარეშე. ეს სქემები მოქმედებს საერათაშორისო ბაზარზეც და საქართველოშიც. შესაბამისად, გაგვიჩნდა ეჭვები ჩვენც",- აცხადებს დევი ხეჩინაშვილი.
მისი თქმით, საერთაშორისო სადაზღვევო ბაზარს აქვს ინფორმაციის გაცვლის მექანიზმები და უკვე მუშაობენ მსგავსი ტიპის შემთხვევების პრევენციაზე.
დევი ხეჩინაშვილის ინფორმაციით, საქართველოში რეგისტრირებული მანქანების მხოლდო 6%-ია დაზღვეული და ამ რაოდენობისთვის საკმაოდ ბევრი უცნაური სადაზღვევო შემთხვევა დაფიქსირდა.
"საქმის კურსი" ამ საკითხზე სადაზღვევო კომპანიებსაც დაუკავშირდა. "ჯიპიაი ჰოლდინგში" დაგვიდასტურეს, რომ მსგავსი ტიპის შემთხვევებთან საქმე მათაც ჰქონიათ და შესაბამისი უწყებებისთვის მიუწოდებიათ ინფორმაცია. თუმცა, კომპანიის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსი თინა სტამბოლიშვილი ამბობს, რომ მათ შემთხვევაში ხშირი ფაქტები არ გამოვლენილა.
სადაზღვევო კომპანია "ალდაგში" კი აცხადებენ, რომ მსგავსი ტიპის გამოცდილება მათ არ აქვთ.
შეგახსენებთ, შსს-მ სადაზღვევო კომპანიების მიმართ ჩადენილი თაღლითობის ფაქტი გახსნა. უწყების ცნობით, ჯგუფის წევრები მანქანებს აზღვევდნენ და ინსცენირებულ ავარიებს დგამდნენ, რის შემდეგაც კომპანიებისგან კომპენსაციას იღებდნენ.
"დანაშაულებრივმა ჯგუფმა, ჩადენილი თაღლითური ქმედებების შედეგად, სადაზღვევო კომპანიებს, დაახლოებით, 33, 000 ლარის ოდენობის ფინანსური ზარალი მიაყენა",- ნათქვამია უწყების განცხადებაში.

























