მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

სადაზღვევო კომპანიები მთავრობას ინიციატივით მიმართავენ

5a1a75f4ca791
BM.GE
26.11.17 15:00
1330
მთავრობა 2018 წლის მეორე ნახევრიდან ქვეყანაში ნაწილობრივ სავალდებულო დაგროვებითი საპენსიო რეფორმის ამოქმედებას გეგმავს. თუ სისტემა ამოქმედდა, მოქალაქეების მიერ დაზოგილ თანხას სპეციალური საპენსიო ფონდი განკარგავს, აღნიშნულ ფულს გარკვეულ საპროცენტო განაკვეთს დაარიცხავს და მოქალაქეებს ამ თანხას პენსიაზე გასვლის შემდეგ დაუბრუნებს. სადაზღვევო კომპანიები ახალი ინიციატივით გამოდიან. მათი თქმით, იმ ადამიანებზე რომელთათვისაც საპენსიო დაგროვებით სისტემაზე გადასვლა სავალდებულო არ არის, კერძო საპენსიო ფონდის საშუალებით შეღავათიანი პირობები უნდა გავრცელდეს, - აღნიშნული თემით ანალიტიკასთან საქართველოს სადაზღვევო ასოციაციის ხელმძღვანელი, დევი ხეჩინაშვილი საუბრობს.

-ბატონო დევი, კონკრეტულად რომელ უწყებებთან მიდის ამ ეტაპზე აღნიშნულ საკითხზე მუშაობა და როგორია პირველი გამოხმაურება?

-სტაბილური საპენსიო სისტემის შესახებ ყველაფერი ცნობილია წიგნებიდან და იმ ქვეყნების გამოცდილებიდან, სადაც იგი რეალიზებულია. მასთან დაკავშირებული რისკებიც რა თქმა უნდა, გვესმის. საქართველოში არის სახელმწიფო პენსია, რომელიც მიუხედავად გამოთქმული ბევრი აუგისა, თავის ფუნქციას ასრულებს და ასაკოვან სიღარიბეს მნიშვნელოვნად ამცირებს. მეორე სვეტი არის ის, რაც ახლა მთავრობამ შემოგვთავაზა და ამ პროექტში იმალება პატარა, მესამე სვეტი, რომელიც არასავალდებულო ნაწილად განიხილება. მეორე სვეტი მკაფიოდ სავალდებულო ნაწილია, რომლის მიხედვითაც 40 წლამდე ადამიანები ვალდებული იქნებიან საპენსიო დაზღვევისთვის ჩარიცხვები გააკეთონ, რომ მომავალში ღირსეული სიბერე უზრუნველყონ. ამას დამსაქმებლის თანაგადახდა და სახელმწიფო ტრანსფერიც დაემატება. ახლა განიხილავენ იმას, საკმარისია ეს თუ - არა. რეალურად ჩვენი სამუშაო ბაზრის სტრუქტურიდან გამომდინარე რეფორმის მეორე სვეტი დაახლოებით 250 000 - 300 000 ადამიანს შეეხება. ფაქტიურად აღნიშნული რეფორმა ასეთი სახით რომ განხორციელდეს, ჩვენი სოციალური შედეგი 25-30 წლის მერე იქნება და ჩვენი მოსახლეობის დაახლოებით 7%-8 %-ს შეეხება.

-საიდან მოდის აღნიშნული რიცხვი 250 000 თუ 300 000 ადამიანი?

-ეს იმ 40 წლამდე ადამიანების რაოდენობა, რომლებიც საქართველოში ფორმალურად შრომობენ. ბუნებრივია, რაც უფრო მეტი ადამიანი იქნება აღნიშნული რეფორმით მოცული, მით უფრო მეტი იქნება სოციალური შედეგი, ასევე ეკონომიკისთვისაც სტრუქტურული შედეგი და მათ შორის, ამ რეფორმის სტაბილურობაც გაიზრდება. რაც ნაკლებ ადამიანს აქვს აქედან სიკეთე, მით უფრო ადვილია მომავალში ასეთი სისტემით მანიპულირება. რაც ბევრ ქვეყანაში მომხდარა და მათ შორის, საქართველოშიც, ძირითადად სახელმწიფოს მხრიდან. ის გადაიფიქრებს, სხვა მოდელზე გადავა და ა.შ. - როგორც ხდება ხოლმე.

-ამ მოცემულობაში თქვენი ინიციატივა რას ცვლის?

-ჩვენ საუბარი დავიწყეთ სახელმწიფო სტრუქტურებთან და ამ დროს მთავრობის გადანაცვლება მოხდა. ეს დოკუმენტი მთავრობამ ნოემბრის დასაწყისში გამოიტანა წინა განხილვისთვის და ძალიან კარგი ქნა. ჩვენ ვფიქრობთ, რომ აღნიშნულ დოკუმენტში მკაფიოდ არის ჩამოსაყალიბებელი ე.წ. მესამე სვეტი - კერძო დაგროვებითი და ასევე ფისკალურად ხელშეწყობილი, რომელიც ძალიან ბევრ ადამიანს მისცემს საშუალებას დაგროვებაში ნებაყოფლობით ჩაერთოს.

-რას ნიშნავს ფისკალურად ხელშეწყობილი?

-მნიშვნელოვანი ფისკალური ხელშეწყობა აქვს შემოთავაზებულ მეორე სვეტს. ეს არის ერთი მხრივ ის, რომ ის კონტრიბუცია, რომელსაც დამსაქმებელი აკეთებს, იგი თავისუფალია საშემოსავლო გადასახადიდან და პლიუს ამას მთავრობა ბიუჯეტიდან 2%-ს ამატებს იმისთვის, რომ ამ დაგროვებას ხელი შუწყოს.

-თქვენ რას ითხოვთ, მსგავსი მოდელის გადმოტანა გსურთ?

-ბიუჯეტიდან თანხა უნდა გამოიყოს იმ ადამიანებისთვის, რომლებიც კერძო დაგროვებას დათანხმდებიან. ამ რეფორმის მთავარი აზრი მარტო პენსიაზე ფიქრი კი არ არის. ეს საქართველოში პირველი შემთხვევაა. იგი სამწუხაროდ, სულ რაღაც ნახევარი წელი გრძელდებოდა, როდესაც მთავრობა კერძო დაგროვების ხელშეწყობას იწყებს. ეს ძალიან მნიშვნელოვანი რამეა და მისი არეალი კერძო დაგროვებასთან ერთად უნდა გავაფართოვოთ და თუ კერძო დაგროვებაც კერძო საპენსიო ფონდებში თუ სპეციალური სიცოცხლის დაზღვევის პროდუქტებშიც მთავრობის მიერ ხელშეწყობილია, ბევრად მეტი ადამიანი ჩაერთვება დაგროვებით სქემაში. ჩვენ დღეს მთავრობის მიერ არახელშეწყობილი არა სახელმწიფო დაგროვება გვაქვს, რომელიც უკვე 20 წელია საქართველოში არსებობს. კომპანიები ამას 17-20 წელია ემსახურებიან, მაგრამ მოცვა ვერ გაიზარდა, რადგან შედეგის თვალსაზრისით საინტერესო პროდუქტი არ არის. მსოფლიოში არსად საპენსიო დაგროვება იქნება თუ ასაკზე ორიენტირებული სიცოცხლის დაზღვევა არ ვითარდება თუ სახელწმიფოს მხრიდან ხელშეწყობა არ ექნება. სახელმწიფო ამას ავრცელებს, მათ შორის, ნებაყოფლობით ნაწილზე. ახლა ამაში კერძო მოთამაშეები უნდა ჩართოს და ახალი პროდუქტები დაამატოს არა მარტო საპენსიო დაგროვების, არამედ სპეციალური, მაგალითად გრძელვადიანი სიცოცხლის დაზღვევის პროდუქტები, რომელიც 40-წელს გადაცილებულ ადამიანებს საშუალებას მიცემენ თავიანთი შრომითი პერიოდის განმავლობაში დეფინირებული, მათთვის წინასწარ ცნობილი თანხა ოჯახის კეთილდღეობისთვის დააგროვოს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები