თუ საქართველოში სავალდებულო დაზღვევა არ ამოქმედდება, სადაზღვევო ბაზარს დაზღვევის ზედამხედვლობის სააგენტოს დაფინანსება გაუჭირდება, - ამის შესახებ "ბიზნესკონტრაქტს“ ქართულ სადაზღვევო კომპანიებში განუცხადეს.
ის, რომ დაზღვევის ზედამხედველობის სააგენტოს დაფინანსება ბიზნესს მოუწევს, რამდენიმე კვირის წინ გახდა ცნობილი, მას შემდეგ, რაც მთავრობამ განაცხადა, რომ უწყებისთვის სახელმწიფო ბიუჯეტიდან თანხები აღარ გამოიყოფა. შედეგად, მონიტორინგის ორგანოსთვის თანხების გადახდა კერძო სექტორს მოუწევს.
როგორც "ბიზნესკონტრაქტთან“ "ჯიპიაი ჰოლდინგის“ საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელი თინა სტამბოლიშვილი აცხადებს, ინდუსტრიამ ხელისუფლებას თავად შესთავაზა ზედამხედველობის დაფინანსების ამ სისტემაზე გადასვლა მას შემდეგ, რაც ქვეყანაში ავტომფლობელთა პასუხისმგებლობის სავალდებულო დაზღვევა შემოვიდოდა.
„თუკი ეს კანონი შევიდა ძალაში, ჩვენთვის მისაღებია მსგავსი მოდელი, თუ არ შევიდა, სადაზღვევო კომპანიებს გაუჭირდებათ ამ თანხების მობილიზება ზედამხედველობის დასაფინანსებლად და გარუკვეველია, როგორ შეიძლება ეს სქემა ამოქმედდეს“,- აცხადებს თინა სტამბოლიშვლი.
იგივე აზრზე არიან სადაზღვევო კომპანია IC Group-შიც. როგორც კომპანიის დირექტორის მოადგილე გიორგი შენგელია „ბიზნესკონტრაქტთან“ აცხადებს, სავალდებულო დაზღვევის ამოქმედების გარეშე დაზღვევის ზედამხედველობის დაფინანსებისთვის საკმარისი თანხის მოგროვება სექტორს გაუჭირდება.
"ჩვენ ამას განვიხილავთ ერთიანი პროექტის ნაწილად, რომლის ფარგლებშიც უნდა ამოქმედდეს უცხო ქვეყანაში რეგისტრირებული ავტომობილების სავალდებულო დაზღვევა",- აცხადებს გიორგი შენგელია.
მისივე თქმით, გაუგებარია, რატომ არ უნდა შევიდეს ძალაში ამ ტიპის სავალდებულო დაზღვევა საქართველოში. გიორგი შენგელია აცხადებს, რომ სავალდებულო დაზღვევის ამოქმედებით ქვეყანაში დამატებით 50-70 მილიონი დოლარის შემოდინება მოხდება, რაც სავალუტო კრიზისის ფონზე განსაკუთრებით მნიშვნელოვანია.
"სავალდებულო დაზღვევის არმიღება, ნონსენსი მგონია და არ მესმის, რატომ არ უნდა მივიღოთ. ამას ბევრი სარგებელი მოაქვს - პირველი, დაცულია შენი მოქალაქე, თუ უცხო ქვეყანაში რეგისტრირებული მანქანა რაიმე ზიანს მიაყენებს. მეორე, ეს არ არის სიახლე და არ აღიქმება, როგორც დამატებით თავსმოხვეული ბეგარა. ამასთან, აბსოლუტურად ყველა მეზობელი ქვეყანა ითხოვს ამ დაზღვევას, ეს არის აგრეთვე ვალუტის შემოდინების ახალი წყარო“,- აცხადებს გიორგი შენგელია.

























