"ისეთ ქვეყანაში, სადაც სავალდებულო დაზღვევა არ არსებობს, ეს ძნელად წარმოსადგენია", - აცხადებს "ბიზნესკონტრაქტთან" "ჯი პი აი ჰოლდინგის" გენერალური დირეტორი. პაატა ლომაძე სადაზღვევო კომპანიების მხრიდან დაზღვევის ზედამხედველობის სამსახურის დაფინანსებას ემხრობა იმ შემთხვევაში, თუ ქვეყანაში გარკვეული სავალდებულო დაზღვევა იარსებებს.
"ბევრ ქვეყანაში არის ასეთი მოდელები, თუმცა ის ძირითადად ხორციელდება იმ შემთხვევაში, როცა არსებობს გარკვეული სავალდებულო სადაზღვევო ხაზები. ავტოდაზღვევის სავალდებულო პროდუქტები ან ჯანმრთელობის. ისეთ ქვეყანაში, როგორიც საქართველოა და სადაც სავალდებულო დაზღვევა არ არსებობს, ეს ძნელად წარმოსადგენია. ჯერ ჩვენთვის ცნობილი არ არის როდიდან ან რის მიხედვით მოგვიწევს ზედამხედველის დაფინანსება", - აცხადებს პაატა ლომაძე.
სავალდებულო დაზღვევის შემოღებაზე მიუთითებს სადაზღვევო ასოციაციის ხელმძღვანელიც.
"მე მგონია, რომ ეს კავშირშია სავალდებულო დაზღვევის შემოღებასთან. როგორიც იყო საქართველოშიც კი, როცა ზედამხედველობა ფინანსდებოდა კომპანიების მხრიდან. რთული სისტემა იყო. იყო ნათქვამი მოზიდული პროცენტი, მაგრამ ამას აკლდებოდა ე. წ ფრონტინგი. ერთი ციფრით ეს არ გაამოიხატებოდა. ეს საკითხი ტექნიკურად არ დგას, იმიტომ, რომ ის საკითხები ბოლომდე არ არის მისული,რამაც შესაძლოა ეს დაძრას ადგილიდან. უპირველეს ყოვლისა ვგულისხმობ სატრანზიტო ავტომობიების სავალდებულო დაზღვევას", - აცხადებს დევი ხეჩინაშვილი.
დაზღვევის შესახებ კანონში ცვლილებებზე დაზღვევის ზედამხედველობის სამსახური მუშაობს. უწყების ხელმძღვანელის ინფორმაციით, შესაძლოა დაფინანსება კომპანიებს ბაზრის წილის ან მოზიდული პრემიის მიხედვით მოუწიოს. შესაბამისი კანონპროექტი პარლამენტს საგაზაფხულო სესიაზე წარედგინება.

























