"არ არის სამართლიანი, რომ სადაზღვევოებს ამ ბიზნესიდან აგდებენ", - ამის შესახებ სადაზღვევო ასოციაციის პრეზიდენტი, დევი ხეჩინაშვილი ,,საპენსიო რეფორმის’’ თემის კომენტირებისას აცხადებს.
"საპენსიო რეფორმის" ამოქმედებას მთავრობა 2018 წლის მესამე კვარტლიდან გეგმავს. პროექტის სამუშაო ვერსიის მიხედვით, დაგროვებით საპენსიო სქემაში ჩართვა 40 წლამდე პირებისთვის სავარაუდოდ სავალდებულო იქნება. რეფორმა არ ითვალისწინებს მასში სადაზღვევო კომპანიების ჩართვას, რომელთაც საპენსიო დაგროვების მხრივ რამდენიმეწლიანი გამოცდილება აქვთ.
სადაზღვევო ასოციაციის პრეზიდენტი, დევი ხეჩინაშვილი ამბობს რომ მიუხედავად იმისა, რომ სადაზღვევო კომპანიებისთვის საპენსიო პროდუქტების წილი მცირე იყო, რეფორმის შედეგად ისინი ამ ბიზნესის მიღმა დარჩებიან.
"კომპანიებმა 15 წელიაა ეს ბიზნესი აკეთეს და დაამტკიცეს, რომ ამის კეთება შეუძლიათ და დაამტკიცეს ისიც, რომ ფულის მართვა შეუძლიათ ამ 15 წლის განმავლობაში. ვფიქრობ, არ არის სამართლიანი, რომ ამ ბიზნესიდან აგდებენ. ამის არანაირი პირდაპირი გამართლება არ არსებობს", - აცხადებს დევი ხეჩინაშვილი.

























