საყოველთაო ჯანდაცვიდან უნივერსალურ ჯანდაცვამდე-ასე ქვია სადაზღვევო ასოციაციისა და პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტის ერთობლივად მომზადებულ იდეას საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის შემდგომი რეფორმირების შესახებ.
უნივერსალური ჯანდაცვის სისტემის შექმნა მასში კერძო სადაზღვევო კომპანიების ჩართვასაც ითვალისიწნებს, რასაც სკეპტიკურად უყურებს ჯანდაცვის სამინისტრო. ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე აცხადებს, რომ სადაზღვევო კომპანიებსა და სამედიცინო დაწესებულებებს შორის არც თუ ისე კარგი თანამშრომლობის მაგალითები არსებობს და დავები დღემდე მიმდინარეობს. სამინისტროს გარკვეული შენიშვნები გააჩნია ასევე ზოგიერთი კერძო სადაზღვევო კომპანიის მიმართაც.
ჯანდაცვის სამინისტროსგან განსხვავებით სადაზღვევო ასოციაციის ხელმძღვანელი მნიშვნელოვან პრობლემებს არ ელის და აცხადებს, რომ სადაზღვევოებზე გარკვეული რეგულირება უნდა გავრცელდეს. ,,აქ მნიშვნელოვან პრობლემებს საერთოდ არ ველი. მთავარია გაუმჯობესდეს ერთის მხრივ სადაზღვევოების რეგულირება ანუ მათ იმაზე მეტი ვალდებულება ვერ აიღონ, ვიდრე საშუალება აქვთ და მეორე მხარეა ისეთი ეფექტური სისტემა იყოს კონტრაქტორ სადაზღვევო სისტემასა და კერძო პროვაიდერებს შორის, რომ ის უზრუნველყოფდეს თანხების დროულ გადახდას’’-აცხადებს ,,ბიზნესკონტრაქტთან’’ დევი ხეჩინაშვილი.
ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარე, კაკი ზოიძე კი შესაძლო რისკების თავიდან არიდების მიზნით მედიაციისა და არბიტრაჟის შექმნაზე საუბრობს. ,,ახალი ტიპის მედიაციის სამსახური და არბიტრაჟის სამსახური უნდა შეიქმნას, რომელიც დაარეგულირებს დასაზღვევოებსა და სამედიცინო დაწესებულებებს შორის ურთიერთობას’’-განმარტავს ზოიძე.

























