სადაზღვევო სექტორი ბანკებზე ანტიმონოპოლიური კანონმდებლობის გავრცელებას ითხოვს. სადაზღვეო ასოციაციის გამგეობის სხდომაზე, რომელიც კომპანია ,,უნისონის“ ინიციატივით ჩატარდა, ამ საკითხს, დამსწრე 11 სადაზღვევო კომპანიიდან, 6 -მა მხარი დაუჭირა, 2-მა თავი შეიკავა, 3 -კი წინააღმდეგი იყო. ამ გადაწყვეტილების საფუძველზე, სადაზღვო ასოციაციამ, ეროვნულ ბანკს წერილით უნდა მიმართოს, რითიც შეეცდება გაარკვიოს, აქვს თუ არა ეროვნულ ბანკს, როგორც საბანკო სფეროს რეგულატორს, უფლება და ფუნქციები, გააკონტროლოს და აღკვეთოს მონოპოლიის ფაქტები. როგორც bm.ge-სთან საუბრისას ,,უნისონის“ ხელმძღვანელმა ვასილ ახრახაძემ განაცხადა, ეს მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებაა, რომელშიც სადაზღვვეო სფერო ერთსულოვანი იყო.
,,მხარი არ დაგვიჭირა მხოლოდ 3-მა კომპანიამ ალდაგმა, იმედი L-მა და თიბისი დაზღვევამ, - ეს სადაზღვევო კომპანიები კი სწორედ ბანკებთან არიან აფილირებული. ანტიმონოპოლიური კანონმდებლობის ამოქმედება საბანკო სექტორში აუცილებელია, რათა ჩამოგვშორდეს, ამ ორი დომინანტი ბანკის მახინჯი ბიზნეს მოდელი, რაც მსესხებელზე თავიანთ ჰოლდინგებში შემავალი სადაზღვევო კომპანიების სერვისების თავზე მოხვევის გზით ხორციელდება “-განაცხადა ახრახაძემ. მისი თქმით, ეს პრობლემები არ დაწყებულა დღეს, ეს დიდი ხანია დღის წესრიგში დგას და მახინჯი ფორმა მიიღო, ამიტომ ეს სადაზღვევო ასოციაციის ფარგლებში, ბოლო 25 წელში მიღებული უმნიშვნელოვანესი გადაწყვეტილებაა. სადაზღვევო ასოციაცია, ეროვნული ბანკისათვის წერილის გაგზავნას მომავალ კვირას გეგმავს. ასოციაციის ხელმძღვანელი დევი ხეჩინაშვილი აცხადებს, რომ თუ აღმოჩნდა, რომ ეროვნულ ბანკს ასეთი ფუნქცია არ აქვს, მაშინ მოუწევთ პარლამენტს მიმართონ, რათა შესაძლო საკანონმდებლო ხარვეზი აღმოიფხვრას.

























