"სადაზღვევო სექტორს დღეს ყველაზე მეტად სჭირდება მოგების რეინვესტირება და თანხების უკან, ბიზნესში ჩაბრუნება", - ამის შესახებ Global Benefits Georgia-ს გენერალურმა დირექტორმა ნინო კობახიძემ გადაცემაში "ანალიტიკა" განაცხადა. მისი თქმით, ზოგადად, ნებისმიერი რეფორმა ყველას თანაბრად უნდა ეხებოდეს და მიუღებელია დისკრიმინაციული დაყოფა, ვის როდის შეეხოს ის.
"მნიშვნელოვანი რესურსები გვჭირდება სავალდებულო დაზღვევის პროდუქტების შემოღების მოსამზადებელი სამუშაოებისთვის, გვაქვს ასევე ვალდებულებები საწესდებო კაპიტალის შევსების კუთხით, ასევე აღსანიშნავია, რომ ჩვენი შემოსავლებიდან ვაფინანსებთ დაზღვევის ზედამხედველობის სამსახურს. ვფიქრობ ძალიან ბევრი კომპონენტია იმისთვის, რომ ასეთი პოზიცია გვქონდეს. როდესაც ჩვენი კომპანიის დამფუძნებელს ვესაუბრებოდით ქვეყანაში შემოსვლამდე, ბიზნეს-პაკეტთან ერთად მარტივ საგადასახადო სისტემაზე და მოგების გადასახადის რეინვესტირების შესაძლებლობაზეც ვამახვილებდით ყურადღებას“, - აღნიშნა ნინო კობახიძემ და დასძინა, რომ სადაზღვევო სექტორი განვითარების ეტაპზეა, ამიტომ ესტონური მოდელით მოგების გადასახადის რეინვესტირების შესაძლებლობა დარგისთვის მნიშვნელოვანი შეღავათია.
მისი თქმით, ამ ეტაპზე ბიზნესომბუდსმენის აპარატთან, ასევე ფინანსთა სამინისტროსთან აქტიური კონსულტაციები მიმდინარეობს. კობახიძე იმედს გამოთქვამს, რომ კონსტრუქციული პოზიცია, რომელიც ამჟამად ფინანსთა სამინისტროდან მოდის, საბოლოოდ სადაზღვევო სექტორისთვის შედეგიანად დასრულდება.
შეგახსენებთ, რომ მოგების გადასახადის ე.წ. ესტონურ მოდელზე გადასვლა საფინანსო სექტორისთვის 2023 წლამდე გადავადდა, რასაც სადაზღვევო სექტორი აპროტესტებს.

























