სადაზღვევო კომპანიების ნაწილი ბანკების მიერ სადაზღვევო ბიზნესების ფლობის კანონის დონეზე შეზღუდვის ინიციატივით გამოდის. სადაზღვევო კომპანია „უნისონის“ გენერალური დირექტორის თქმით, გეგმავენ მიმართონ როგორც მთავრობას, ისე პარლამენტს, ცვლილებები შევიდეს „ბანკების შესახებ კანონში“, რათა მათ ახალი ლიცენზიების აღება ვეღარ შეძლონ, ხოლო მათ კი, ვინც უკვე ფლობს სადაზღვევო კომპანიებს, მიეცეთ გონივრული ვადა აღნიშნული აქტივი გაასხვისონ. ვასილ ახრახაძის განმარტებით, დღეს ბანკები 8 სადაზღვევო კომპანიის ლიცენზიას ფლობენ და აქვთ ინფორმაცია კიდევ ერთი სადაზღვევო კომპანიის დაფუძნების შესახებ. ვასილ ახრახაძე ეჭვობს, რომ ამით ისინი ნიადაგს ამზადებენ, მომავალი წლიდან სავალდებულო დაზღვევის 200 მილიონიანი ბაზრის დიდი წილი დაიკავონ.
„შეუქცევადი ხასიათი მიიღო, როცა ბანკები სარგებლობენ საკანონმდებლო ნორმატიული აქტების სისუსტით, რაც გამოიხატება იმაში, რომ ისინი არიან უპირატეს მდგომარეობაში ჩაყენებულები . მათ შეუძლიათ ერთი და იგივე ფინანსური კაპიტალი აჩვენონ როგორც ბანკის აქტივი, ისე მინიმალური სადაზღვევო კაპიტალი. ამავე დროს მათზე არ ვრცელდება „კონკურენციის შესახებ“ კანონი. აქედან გამომდინარე, პრაქტიკულად მათ ხელში აქვთ მთელი დარგის 80-90%.
ვინაიდან საბანკო სექტორი არ არის მოქცეული „კონკურენციის შესახებ კანონში“, ისინი სარგებლობენ ამით და აიძულებენ თავიანთ მსესხებლებს, რომ საკრედიტო ხელშეკრულებების გაფორმებისას მოახდინონ დაზღვევა მათთან აფილირებულ სადაზღვევო კომპანიებში.
მივმართავთ მთავრობას და პარლამენტს, რომ გაჩნდეს ახალი საკანონმდებლო ინიციატივა, რათა შეიზღუდოს საბანკო სექტორის ექსპანსია სადაზღვევო სფეროში, რაც გამოიხატება იმაში, რომ „კომერციული ბანკების შესახებ“ კანონში შევიდეს ცვლილება და მათ აეკრძალოთ პირდაპირ წილის ფლობა სადაზღვევო კომპანიებში და მიეცეთ გონივრული ვადა იმისთვის, რომ მათ მოახდინონ ამ აქტივების გასხვისება“, - აცხადებს ვასილ ახრახაძე.
უნისონის მსგავსად, ბანკების მიერ სადაზღვევო კომპანიების ფლობის აკრძალვის კანონის დონეზე დარეგულირებას ითხოვს „გლობალ ბენეფიტს ჯორჯიას“ გენერალური დირექტორიც. ნინა კობახიძე იმედს გამოთქვამს სექტორის ინიციატივებს მხარს დაუჭერს როგორც ზედამხედველი, ისე ეროვნული ბანკი და პარლამენტი.
„ჩვენ უნდა გადავწყვიტოთ, გვინდა თავისუფალი კონკურენტული ბაზარი, სადაც დამატებითი ინვესტიციები და ახალი პროდუქტების განვითარებით ოპერირებენ სადაზღვევო კონკურენტები, თუ ჩვენ გვინდა მონოპოლიური ბაზარი, სადაც ბანკი სესხის გაცემასთან ერთად ავტომატურად საკუთარი სადაზღვევო კომპანიაში აზღვევს სესხის ამღებ პირს იმისთვის, რომ თვითონ იგრძნოს თავი გარანტირებულად. ჩვენ აქტიურად დავიწყებთ ბრძოლას, რომ ბანკმა აკეთოს საბანკო საქმე, სადაზღვევო კომპანიამ თავისი საქმე. არ შექმნან ხელოვნური მონოპოლიები და არ შეუზღუდონ მომხმარებლებს არჩევანის თავისუფლება“-აცხადებს ნინა კობახიძე.