"დაზღვევის კავშირი" სადაზღვევო სექტორის განვითარების ხელშეწყობისა და მომხმარებელთა უფლებების დაცვის მიზნით შეიქმნა და მისი მთავარი ამოცანა ჯანსაღი კონკურენციის პრინციპებზე დაყრდნობით სადაზღვევო სექტორის ზრდის და განვითარების ხელშეწყობაა.
დაზღვევის კავშირი აერთიანებს სადაზღვევო კომპანიებსა და დაზღვევის ბროკერებს. როგორც ორგანიზაციაში აცხადებენ, ეს არის პირველი შემთხვევა, როდესაც დაზღვევის ბროკერებიც აქტიურად ერთვებიან მსგავს სამუშაო ფორმატში.
ორგანიზაციის ინფორმაციითვე, ისინი „დაზღვევის ასოციაციასთან“ კავშირში არ არიან და ეს არის ახალი პლატფორმა, სადაც სადაზღვევო ბროკერებიც იქნებიან გაერთიანებული. მათივე ინფორმაციით, „დაზღვევის კავშირი“ ღიაა სხვა ტიპის ორგანიზაციებისთვისაც.
ახალი კავშირის ერთ-ერთი დამფუძნებელი, კომპანია „უნისონის“ ხელმძღვანელი ვასილ ახრახაძე ამბობს, რომ „დაზღვევის კავშირი“ აპირებს გარკვეული წინადადებებით მიმართოს პარლამენტს და უზრუნველყოს ბაზარზე ჯანსაღი კონკურენციის შექმნა.
„დღეს ქვეყნის მაკროეკეონომიკური პარამეტრებით სადაზღვევო სექტორი მკვეთრად ჩამოვრჩებით რეგიონში არსებული მეზობელი ქვეყნების, თუ აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებს. გვაქვს გარკვეული სისუსტეები საკანონმდებლო ბაზის ნაწილში და დაზღვევის კავშირის როლი იქნება ძალიან მნიშვნელოვანი, რომ ექსპერტული მხარდაჭერის კუთხით ამოივსოს ის ნიშა, რომ სექტორში მოხდეს საუკეთესო პრაქტიკის დანერგვა“- აცხადებს ვასილ ახრახაძე.
დაზღვევის კავშირში შედიან: სადაზღვევო კომპანია „უნისონი“, „პსპ დაზღვევა“, „საქართველოს სადაზღვევო ჯგუფი“ და სხვა.