მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

სადღაც სხდომები ტარდება, სადღაც გადაწყვეტილებები მიიღება, მაგრამ უკრაინაში ბრძოლაა - ელჩი

6219fc14c9e24
BM.GE
26.02.22 14:06
828
“რუსეთის ჯარმა დარტყმა განახორციელა იმ საცხოვრებელი სახლების მიმართულებით, სადაც სამშვიდობო მოსახლეობა ცხოვრობს. ეს არის საცხოვრებელი უბანი, სადაც ჩვენი მშვიდობიანი მოსახლეობა ცხოვრობს. იქ არ არის სამხედრო ობიექტები ან სამთავრობო დაწესებულებები, იქ არის მხოლოდ ბაღები, სკოლები და სახლები”, - ეს განცხადება საქართველოში უკრაინის ელჩმა იგორ დოლგოვმა საელჩოში გამართულ ბრიფინგზე გააკეთა, სადაც რუსეთ-უკრაინის ომის მიმდინარეობასა და შედეგებზე ისაუბრა.

“ბრძოლები მიმდინარეობს კიევის მახლობლად. აგრესორი ცდილობს, შემოვიდეს კიევში ბელარუსის მხრიდან, სადაც ჩერნობილის ობიექტი მდებარეობს. არის აგრესორის მცდელობები, რომ გადმოსვას საჰაერო დესანტი კიევის მეორე სანაპიროზე, ანუ დნეპრის სანაპიროზე, რომელიც კიევს ორ ნაწილად ყოფს. ქალაქ კიევის მერმა დღეს კიევის მოსახლეობას მიმართა და დანაკარგების შესახებ შეატყობინა. ჩვენ გვყავს 35 დაჭრილი, მათ შორის 2 ბავშვი. უკრაინა არის ტერიტორიით ყველაზე მსხვილი სახელმწიფო და ჩვენ გვყავს 40 მლნ მოსახლე. მინდა შეგახსენოთ, რომ დამნაშავე პუტინმა გამოაცხადა სპეციალური ოპერაციის დაწყების შესახებ, რომელიც უკავშირდება არაღიარებულ დონეცკისა და ლუგანსკის რესპუბლიკებში მდგომარეობას. ასევე, დაიწყო საომარი მოქმედებები, ომი, ყველა შესაძლო მიმართულებიდან, სადაც რუსული ჯარი იყო ფოკუსირებული“, - განაცხადა უკრაინელმა დიპლომატმა.

ელჩის შეფასებით, „სიტუაცია ძალიან რთულია“.

„სადღაც სხდომები ტარდება, სადღაც გადაწყვეტილებები მიიღება, სადღაც სანქციების შემოღება მიმდინარეობს, მაგრამ უკრაინაში, ქალაქ კიევისა და სხვა ქალაქების მახლობლად ბრძოლა მიმდინარეობს - სიტუაცია ძალიან რთულია“, - თქვა მან.

დიპლომატი აცხადებს, რომ დღეს უკრაინა იბრძვის ყველასთვის - მთელი ევროპისა და მთელი ცივილიზებული სამყაროსთვის, ამიტომ ის საჭიროებს როგორც სამხედრო, ისე ფინანსურ და ჰუმანიტარულ დახმარებას.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები