"სადისტრიბუციო მანქანების მოძრაობის განრიგის ღამის საათებში გადატანა ეტაპობრივად უნდა მოხდეს „ - ასე ეხმაურება, "დისტრიბუტორთა ასოციაცის" ხელმძღვანელი, ივა ჭყონია, თბილისის მერის, კახი კალაძის, განცხადებას, რომლის მიხედვითაც „თუ სადისტრიბუციო კომპანიებს ღამის საათებში მუშაობისთვის ხალხის დამატება სჭირდებათ, მათ კეთილი უნდა ინებონ, დაამატონ, რადგან საუბარია ქალაქის კეთილდღეობაზე“.
ივა ჭყონია განმარტავს, რომ ცვლილება მისაღებია, თუმცა მისი დაუყოვნებლივ განხორციელება დიდ პრობლემებს შეუქმნის მცირე და საშუალო სავაჭრო ობიექტებს, რომელთა წილიც მთელს სავაჭრო ქსელში 60%-ია. ეს კი, საბოლოო ჯამში, სადისტრიბუციო კომპანიების დაზარალებას გამოიწვევს.
"ხარჯების გაზრდა სადისტრიბუციო კომპანიებისთვის, რასაც ეს ცვლილება გამოიწვევს მეათე ხარისხოვანია იმ პრობლემასთან შედარებით, რის წინაშეც შესაძლოა დადგნენ მცირე და საშუალო სავაჭრო ობიექტები, რომლებიც ათასობითაა. შედეგად, ეს პრობლემა მწვავედ შეეხება დისტრიბუტორებს, როდესაც ეს კომპანიები გადახდისუუნაროები გახდებიან და დაიხურებიან, ისინი გაიყოლებენ სადისტრიბუციო კომპანიების დავალიანებებს.
ამ ცვლილების განხორციელება მას შემდეგ უნდა მოხდეს, რაც მთავრობა მოაგვარებს სადისტრიბუციო კომპნიების წინაშე დღეს არსებულ სერიოზულ პრობლემებს, რასაც ისინი სავაჭრო ობიექტებიდან კუთვნილი თანხების ამოღბისას აწყდებიან. კერძოდ, ისინი აბსოლიტურად დაუცველნი არიან და სასამართლო პროცესები, წლობით, კარგ შემთხვევაში კი თვეობით იწელება, როდესაც უკვე სავაჭრო ობიექტები იკეტება და სადისტრიბუციო კომპანიებს ამ თანხების ამოღების არანაირი შანსი აღარ აქვთ, რადგან სავაჭრო ობიექტების უმრავლესობა შპს-ა და არანაირი ვალდებულება არ გააჩნიათ და მოგებული პროცესიც კი, სადისტრიბუციო კომპანიებისთვის მხოლოდ დახარჯული ფულია“ - განუცხადა Bm.ge-ს ივა ჭყონიამ.
გარდა ამისა, ივა ჭყონია აღნიშნავს, რომ თვით გადარჩენის მიზნით, საცალო ობიექტები პროდუქციის შეძენას საბითუმო სავაჭრო ობიექტებიდან დაიწყებენ და დღის განმავლობაში სადისტრიბუციო ქსელის მანქანების ნაცვლად, ის მანქანები ივლიან, რომლებიც მოამარაგებენ მათ, რაც თავისთავად ვერ განტვირთავს ქალაქს საცობებისგან. მისივე განმარტებით, სადისტრიბუციო მანქანების ძირითადი ნაწილი დილის ათი საათიდან, საღამოს ხუთ საათამდე მუშაობს, ანუ იმ პერიოდში, როდესაც პიკის საათები გადავლილია.
"ვფიქრობ, ამ ცვლილების მიღება შესაძლებელია, მაგრამ ის უნდა განხორციელდეს ნელ-ნელა, ეტაპობრივად", - განაცხადა ივა ჭყონიამ.

























