მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

სადისტრიბუციო მანქანებს ღამით BUS LANE-ით სარგებლობის უფლებას მისცემენ - კანონპროექტი

ბასლაიანი

საქართველოს პარლამენტი „ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში“ დაგეგმილ ცვლილებებს განიხილავს, რომელიც საგზაო მოძრაობისა და სანქციების მიმართულებით რამდენიმე მნიშვნელოვან სიახლეს ითვალისწინებს. პროექტის მიხედვით, ღამის საათებში იცვლება ავტობუსის ზოლებით (BUS LANE) სარგებლობის წესი, პარალელურად კი მსუბუქდება ჯარიმები სიჩქარის გადაჭარბებასა და მწვანე ნარგავების დაზიანებაზე.

კანონპროექტის თანახმად, ღამის საათებში 01:00 საათიდან 06:00 საათამდე, სადისტრიბუციო ავტომანქანებს BUS LANE-ში დგომისა და ტვირთის გადმოზიდვის უფლება ექნებათ. კონკრეტულ წესებსა და პირობებს, რომლებსაც სადისტრიბუციო ტრანსპორტი უნდა აკმაყოფილებდეს, შინაგან საქმეთა მინისტრის ბრძანება განსაზღვრავს.

იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის, არჩილ გორდულაძის განმარტებით, აღნიშნული ინიციატივა ქალაქში საცობების განტვირთვას ისახავს მიზნად.

„ინიციატივა ხელს შეუწყობს სადისტრიბუციო ქსელების მიერ ღამის საათებში კონკრეტული საქონლის ქსელებში განთავსებას, რაც, ერთის მხრივ, ქალაქში საცობების შემცირებისკენ იქნება მიმართული. მეორეს მხრივ, გამომდინარე იქიდან, რომ სადისტრიბუციო მანქანები დიდი მოცულობით ივლიან და შესაბამისად ხარჯები შემცირდება, ეს სადისტრიბუციო ხარჯებს შეამცირებს, რაც მათ შორის სურსათის ფასებზე დადებითად აისახება“, - განაცხადა გორდულაძემ კომიტეტის სხდომაზე.

კანონის მოქმედი რედაქციით, სიჩქარის გადაჭარბება 15-დან 40 კმ/სთ-მდე ითვალისწინებს 100-ლარიან, ხოლო 40 კმ/სთ-ზე მეტით გადაჭარბება 300-ლარიან ჯარიმას. ახალი პროექტით კი სანქციები უფრო დიფერენცირებული ხდება და ზოგიერთ შემთხვევაში მცირდება:

  • 15-დან 30 კმ/სთ-მდე გადაჭარბება - 50 ლარი (ნაცვლად 100 ლარისა);
  • 30-დან 50 კმ/სთ-მდე გადაჭარბება - 100 ლარი;
  • 50 კმ/სთ-ზე მეტი სიჩქარით გადაჭარბება - 300 ლარი.

ცვლილებების კიდევ ერთი ნაწილი ეხება საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევის დროს მუნიციპალიტეტის საზღვრებში მწვანე ნარგავების დაზიანებას ან თვითნებურ განადგურებას. ამ მიმართულებით სანქციები მნიშვნელოვნად მსუბუქდება, განსაკუთრებით თბილისში.

რეგიონი / დარღვევა მოქმედი ჯარიმა ახალი (სავარაუდო) ჯარიმა
სხვა მუნიციპალიტეტები (პირველადი) 2 000 ლარი 500 ლარი
სხვა მუნიციპალიტეტები (განმეორებითი) 5 000 ლარი 1 000 ლარი
ქალაქი თბილისი (პირველადი) 5 000 ლარი 500 ლარი
ქალაქი თბილისი (განმეორებითი) 10 000 ლარი 1 000 ლარი

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები