მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

საელჩოს ქართული მხრიდან არ მიუღია ოფიციალური ინფორმაცია "ჰექსოგენის საქმეზე" - უკრაინის საელჩო

უკრაინის საელჩო

საქართველოში უკრაინის საელჩოს განცხადებით, ჰექსოგენის უკანონო ტრანსპორტირების ბრალდებით დაკავებული უკრაინის მოქალაქეების მოსანახულებლად ქართული მხარისგან ნებართვის მიღებას ცდილობენ. 12 სექტემბერს ასაფეთქებელი ნივთიერების საქართველოში შემოტანის ბრალდებით დაკავებულ პირებს თბილისის საქალაქო სასამართლომ პატიმრობა შეუფარდა.

"საქართველოში უკრაინის საელჩო ახორციელებს „ქართული სამართალდამცავი ორგანოების მიერ ასაფეთქებელი ნივთიერება ჰექსოგენის უკანონო ტრანსპორტირებაში ეჭვმიტანილი ორი უკრაინის მოქალაქის დაკავების“ შესახებ ქართულ მედიაში გავრცელებული ინფორმაციის მუდმივ მონიტორინგს. ამჟამად, საელჩოს ქართული მხრიდან არ მიუღია ოფიციალური ინფორმაცია მათ წინააღმდეგ ამ ბრალდებებით სისხლის სამართლის საქმის აღძვრის შესახებ. საელჩოს საკონსულო თანამშრომლები ყოვლისმომცველ ზომებს იღებენ, რათა საქართველოს სამართალდამცავი ორგანოებისგან მიიღონ ნებართვა ზემოაღნიშნულ უკრაინელ მოქალაქეებთან შესახვედრად და მათი დაკავების ყველა გარემოების გასარკვევად", - წერია უკრაინის საელჩოს განცხადებაში.

დაკავებულ უკრაინის მოქალაქეებს ბრალი წარედგინათ სისხლის სამართლის კოდექსის შემდეგი მუხლებით: 236-ე მუხლის მე-3, მე-4 და მე-5 და 214-ე მუხლის მე-4 ნაწილით - ფეთქებადი ნივთიერების მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვა, ტარება, გასაღება და საქართველოს საბაჟო საზღვარზე წესის დარღვევით შემოტანა; 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის "ა" ქვეპუნქტით - განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა, შენახვა. რაც სასჯელის სახედ და ზომად 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები