საოჯახო მარნის „ოდას“ დამფუძნებელი, ქეთი ნინიძე აცხადებს, რომ მათი საექსპორტო მოლაპარაკებები ჩინეთსა და ლიეტუვასთან გასული წლის მაისიდან შეჩერდა, რაც ქვეყნის პოლიტიკური სიტუაციის გავლენით მოხდა. ამის შესახებ მან BMGTV-ს გადაცემა „#წერტილში“ განაცხადა.
აღსანიშნავია, რომ მარანს ამ დრომდე ექსპორტი 11 ქვეყანაში აქვს. მათ შორისაა აშშ-ც. ახალი ბაზრების დამატებას "ოდა" ჩინეთისა და ლიეტუვის მიმართულებით გეგმავდა, რომლებთან მოლაპარაკებებიც "რუსული კანონის" საპროტესტო აქციების შემდეგ შეჩერებულია.
„საექსპორტო მოლაპარაკებებს ჩინეთთან და ლიეტუვასთან ვაწარმოებდით, სადაც ინტერესი დივერსიფიცირებული იყო. ჩვენი სხვადასხვა ღვინით იყვნენ დაინტერესებული. მათ ბოლოს მაისში ვესაუბრეთ, თუმცა სიტუაციის გაუარესების შემდეგ, აღარ გამოჩენილან,“ – აღნიშნა ნინიძემ.
ქეთი ნინიძე საუბრობს იმ გამოწვევებზე, რომლის წინაშეც მცირე ბიზნესი ქვეყანაში განვითარებული პოლიტიკური მოვლენების გამო შეიძლება აღმოჩნდეს. მისი თქმით, მცირე მეწარმეები დიდი რისკის ქვეშ არიან. განსაკუთრებით ისინი, ვისაც ექსპორტი ევროპაში გააქვს ან გასატანად ემზადებიან.
„ჩვენი პატარა მარანი 6000-8000 ბოთლ ღვინოს აწარმოებს. წარმოება 2015 წელს 200 ბოთლით დავიწყეთ. დღეს უკვე ღვინო 11 ქვეყანაში გაგვაქვს ექსპორტზე. აშშ-ში ჩვენ გვყავს 3 სხვადასხვა იმპორტიორი. ერთი, რომელიც კალიფორნიაშია დაფუძნებული, მეორე DC-ში და მესამე ტექსასში. დაახლოებით 30-მდე შტატში გადის ჩვენი ღვინო მცირე რაოდენობით, მაგრამ ვმუშაობთ, რომ წარმადობაც გავზარდოთ“, – განაცხადა „ოდა“-ს დამფუძნებელმა.
მას ასევე დასძინა, რომ უკვე ფიქსირდება ტრანზაქციის შეფერხების ფაქტები, რაზედაც არაერთი ბიზნესი საუბრობს. აღნიშნული კი, სავარაუდოდ სანქცირებულ „ქართული ოცნების“ პირველ პირებს უკავშირდებათ.
„ჩვენი ბიზნესი და სხვა მცირე მეწარმეები რისკის ქვეშ ვიმყოფებით. მაგალითად, თაფლის ერთ-ერთმა მწარმოებელმა გვითხრა, რომ გადმორიცხვებისას პრობლემები შეექმნა“, – აღნიშნა ნინიძემ.
ცნობისთვის: მარტვილში მდებარე საოჯახო მარანი "ოდა" დასავლეთ საქართველოს იშვიათი ჯიშის ღვინოებს, მათ შორის ოჯალეშს, ორბელურ ოჯალეშსა და იმერულ ძელშავს აწარმოებს. მათი წლიური წარმადობა ამ დროისათვის 8000 ბოთლს აღწევს.