წამყვანმა საერთაშორისო ბანკებმა, მათ შორის J.P. Morgan-მა, Morgan Stanley-მ და Barclays-მა, ევროპის ცენტრალური ბანკის მონეტარული პოლიტიკის პროგნოზები მკვეთრად შეცვალეს.
ანალიტიკოსების შეფასებით, ირანში მიმდინარე ომმა ევროპის ეკონომიკური წონასწორობა დაარღვია, რის გამოც ისინი წელს განაკვეთების სამჯერ გაზრდას ელიან. მიუხედავად იმისა, რომ ამ ეტაპზე ECB-მ რეფინანსირების განაკვეთი 2%-ზე უცვლელად დატოვა, პრეზიდენტმა კრისტინ ლაგარდმა ინფლაციური რისკების ზრდისა და „მნიშვნელოვნად გაურკვეველი“ პერსპექტივის შესახებ გაფრთხილება უკვე გააჟღერა. ბაზრის მოლოდინით, პირველი ზრდა, შესაძლოა, აპრილში იყოს, რაც დეპოზიტების განაკვეთს წლის ბოლომდე 2.75%-იან ნიშნულამდე აიყვანს.
მნიშვნელოვანია ითქვას ისიც, რომ ფინანსურ წრეებში აზრთა სხვადასხვაობაა: გერმანიის ბუნდესბანკის პრეზიდენტი, იოახიმ ნაგელი აცხადებს, რომ ის აპრილში განაკვეთის შესაძლო მატებას მხარს დაუჭერს, თუკი საომარი მოქმედებები გაგრძელდება და ინფლაციური ზეწოლა შენარჩუნდება. მონეტარული პოლიტიკის გამკაცრებას სწორ ნაბიჯად მიიჩნევს ECB-ს ყოფილი პრეზიდენტი, ჟან-კლოდ ტრიშეც, რომელიც სტაგფლაციის საფრთხეს ამ ეტაპზე გამორიცხავს. მათგან სრულიად განსხვავებული პოზიცია აქვთ UBS-ის ეკონომისტებს, რომლებიც ბაზრის საერთო მოლოდინს არ იზიარებენ და მიიჩნევენ, რომ ცენტრალურმა ბანკმა პოლიტიკის გამკაცრებისგან თავი უნდა შეიკავოს, რათა ეკონომიკურ აქტივობას დამატებითი ზიანი არ მიაყენოს.
შეგახსენებთ, რომ ევროზონის მონეტარული პოლიტიკის სამომავლო ტრაექტორია დიდწილად ახლო აღმოსავლეთში კონფლიქტის ხანგრძლივობაზეა დამოკიდებული. LSEG-ის მონაცემებით, აპრილში განაკვეთის ზრდის ალბათობა ამჟამად 50%-ია, ხოლო ივნისისთვის ეს მაჩვენებელი 80%-მდე იზრდება. ანალიტიკოსების შეფასებით, მომდევნო თვეების მაკროეკონომიკური მონაცემები გადამწყვეტი იქნება იმის განსასაზღვრად, გახდება თუ არა ევროპული ვალუტა ინვესტორებისთვის უფრო ძვირი.




























