მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

საერთაშორისო ბაზარზე აზოტოვანი სასუქები $350-მდე გაძვირდა - "რუსთავის აზოტი - ინდორამას" დირექტორი

რუსთავის აზოტი აზოტოვანი სასუქები

საერთაშორისო ბაზარზე აზოტოვანი სასუქების ღირებულება 350 დოლარამდე გაიზარდა. მიზეზი ახლო აღმოსავლეთში ჰორმუზის სრუტის ჩაკეტვის გამო გადაზიდვების შეფერხებაა. ამის შესახებ "ინდორამა კავკასიის" დირექტორმა ლევან ბურდილაძემ BM.GE-ის განუცხადა.

კომპანიის ხელმძღვანელმა განმარტა, რომ სპარსეთის ყურეში არსებული ვითარება მათ წარმოებაზე, ჯერჯერობით, არ ასახულა, რადგან რუსთავის აზოტის სასუქები ამ დროისთვის ევროკავშირის ქვეყნებში იყიდება, რაც სეზონურობით არის განპირობებული.

საერთაშორისო ბაზარზე აზოტოვანი სასუქების ფასებმა ოდნავ მოიმატა, რადგან გარკვეულ მწარმოებლებს, რომლებიც არაევროპულ ქვეყნებზე იყვნენ ორიენტირებულები, მათ გადაზიდვებში გარკვეული პრობლემები შეექმნათ. ამან კონკრეტული მიმართულებებით ერთგვარი დეფიციტი გამოიწვია. თუმცა ეს დიდი მატერიალური და შინაარსობრივი მატება არ არის. თუ მანამდე 1 ტონა აზოტოვანი სასუქების ღირებულება 300 დოლარი იყო, დღეს 350 დოლარად ივაჭრება", - აღნიშნავს ლევან ბურდილაძე და იმასაც განმარტავს, რომ მსოფლიოში მიწოდების ჯაჭვებში არსებული სირთულეების მიუხედავად მათ პროდუქტზე მოთხოვნა არ გაზრდილა: "ევროპის ქვეყნებს ტრადიციულად თავიანთი მიმწოდებელი კომპანიები ჰყავთ. მე ვგულისხმობ იმ კომპანიებს, რომლებიც ევროკავშირის ქვეყნებში ოპერირებენ. ჩვენ ტრადიციულად ვართ ევროკავშირის ქვეყნების სტაბილური მიმწოდებელი აღნიშნული პროდუქციის“, - აღნიშნა ლევან ბურდილაძემ.

2026 წლის იანვრის მონაცემებით, საქართველოდან 12 მილიონ 925 ათასი დოლარის ღირებულების 41 015 ტონა აზოტოვანი სასუქები გავიდა ექსპორტზე. კლება 34%-ია. თებერვლის ვაჭრობის ოფიციალურ მონაცემებს საქსტატი 19 მარტს გამოაქვეყნებს.

იანვარში მთავარი საექსპორტო ქვეყნები უკრაინა, იტალია, რუმინეთი, სომხეთი და აზერბაიჯანი იყვნენ.

რაც შეეხება 2025 წლის ჯამურ მონაცემებს, გასულ წელს საქართველომ აზოტოვანი სასუქების ექსპორტით 132 მილიონი დოლარის შემოსავალი მიიღო. წლის განმავლობაში 423 663 ტონა ქართული წარმოების აზოტოვანი სასუქები 33 ქვეყანაში გავიდა. მთავარი შემსყიდველები კი რუმინეთი ესპანეთი და ტანზანია იყვნენ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები