მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

"საერთაშორისო ბაზარზე სერტიფიცირებული თაფლის ფასი 7-8 დოლარია" - ქართული თაფლის უპირატესობა და კონკურენტები

თაფლი

ქართული თაფლი საერთაშორისო ბაზრებზე მაღალი ხარისხით გამოირჩევა, თუმცა კონკურენცია იაფფასიან პროდუქტებთან უწევს - ამის შესახებ bm.ge-სთან თაფლის მწარმოებელი კომპანია ჰობის“ დამფუძნებელმა მიხეილ ჭიღლაძემ განაცხადა.

მისი თქმით, ბიო, სერტიფიცირებული და ბრენდირებული თაფლის ფასი მსოფლიოში საშუალოდ 7–8 დოლარია კილოგრამზე, მაგრამ ქართული თაფლი ამ დიაპაზონზე უფრო ძვირად იყიდება.

საერთაშორისო ბაზარზე ქართული თაფლი სხვა ქვეყნების პროდუქციაზე ძვირია. ჩვენი მთავარი კონკურენტები ჩინეთი და პოლონეთი არიან - ისინი თაფლს იაფად ყიდიან, თუმცა ხარისხში სხვაობა აშკარაა. ქართულ თაფლში მინერალების შემცველობა გაცილებით მაღალია, რადგან მრავალფეროვანი ყვავილებისგან მზადდება", განმარტა ჭიღლაძემ.

მეწარმის თქმით, მიუხედავად მაღალი ხარისხისა, ბაზრები კვლავ იაფფასიან პროდუქტზე აკეთებენ არჩევანს, რაც ქართული თაფლის ექსპორტს ართულებს.

ბაზარი დიდ რაოდენობას და დაბალ ფასს ეძალება, რაც ექსპორტს გარკვეულ სირთულეებს უქმნის,“ ამბობს ის.

საქსტატის ოფიციალური მონაცემებით, 2025 წლის 9 თვეში თაფლის ექსპორტით მიღებული შემოსავალი თითქმის 166 ათას დოლარამდე შემცირდა, რაც წლიურად 23.5%-იანი კლებაა. ექსპორტის მოცულობამ კი 2.9%-ით დაიკლო და 23.4 ტონა შეადგინა, საიდანაც 21.6 ტონა საფრანგეთში გავიდა.

მიხეილ ჭიღლაძის თქმით, წელს, "ჰობის" თაფლი ექსპორტზე ამერიკაში, იაპონიაში და ევროპის რამდენიმე ქვეყანაში გავიდა. ასევე, კომპანია ამ ეტაპზე ახალი ბაზრების ათვისებაზე მუშაობს და შეკვეთების დადასტურებას საუდის არაბეთიდან და აშშ-დან ელოდება.

ამ ეტაპზე კონკრეტული ინფორმაცია არ გვაქვს, თუმცა თვე-ნახევარში გახდება ცნობილი, გაიზარდა თუ შემცირდა ექსპორტის მოცულობა. არაბეთის ბაზარი ზოგადად ხანგრძლივი პროცესებით გამოირჩევა,“ აღნიშნა ჰობის“ დამფუძნებელმა.

მეფუტკრე ამბობს, რომ წელს მოსავლიანობამ მოიმატა, რის შედეგადაც კომპანიაში წარმოების ზრდას ელიან.

მოსავლიანობა წელს საკმაოდ მაღალი იყო - 9 თვეში, დაახლოებით, 45–50 ტონა თაფლი მივიღეთ. დეკემბერი ტრადიციულად ყველაზე აქტიური თვეა, როცა გაყიდვების 40–60% ხორციელდება და ამ პერიოდში ვიძენთ ყველაზე მეტ თაფლს ფერმერებისგან,“ განმარტა მეწარმემ.

BM.GE-სთან საუბარში მიხეილ ჭიღლაძემ ასევე აღნიშნა, რომ ფუტკრის დაავადება ტროპილელაფსოზი კვლავ არსებობს.

ფუტკრის დაავადებები კვლავ არსებობს, მაგრამ ამ ეტაპზე კრიტიკულ დონეზე არ არის. მეფუტკრეების ცოდნისა და აგრობიოტიკების სწორად გამოყენების შედეგად, წელს ზარალი არ გვქონია,“ ამბობს ის.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები