მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

საერთაშორისო ბირჟაზე ნავთობზე ფასის კლება 2-3 კვირის ვადაში აისახება მომხმარებლებზე - Conect

ქონექთი

აშშ-ირანის სამშვიდობო შეთანხმების მიღწევის ფონზე, საერთაშორისო ენერგეტიკულ ბირჟაზე ნავთობი მკვეთრ გაუფასურებას განაგრძობს – დღევანდელ სავაჭრო სესიაზე ბარელი Brent თითქმის $79-მდე დაეცა, ხოლო ამერიკული WTI-ის ფასი 76 დოლარამდე შემცირდა.

რაც შეეხება რუსულ Urals-ს, მისი ფასი 67 დოლარამდეა შემცირებული, რაც ერთ თვეში 37%-იანი კორექციაა. საერთო ჯამში, მაისში დაფიქსირებულ პიკურ მაჩვენებელთან შედარებით, ნავთობი საშუალოდ 40%-ით არის გაიაფებული.

საერთაშორისო ბაზარზე ნავთობზე ფასის შემცირების ტენდენცია უახლოეს პერიოდში აისახება საქართველოს ბაზარზეც.

ნავთობკომპანია Conect-ის დირექტორი, ჯემალ ონიანი განმარტავს, რომ ნავთობკომპანიებს, როგორც წესი, 1-დან 1.5 თვემდე პერიოდის სამყოფი ძველი მარაგები გააჩნიათ შესყიდული მაღალ ფასად, შესაბამისად, ფასების კლება საცალო ქსელში მყისიერად ვერ მოხდება და ის 2-3 კვირის ვადაში აისახება.

მისი თქმით, ფასების კლება უფრო მეტად შეეხება დიზელის ტიპის საწვავს, რადგან ის მანამდე საგრძნობლად უფრო მეტად იყო გაძვირებული, ვიდრე ბენზინი, თუმცა ფასები დაიკლებს რეგულარის ტიპის საწვავზეც. როგორც ონიანი აღნიშნავს, რომ საერთაშორისო პლაცის (Platts) ფასები პიკურ მაჩვენებლებთან შედარებით დაახლოებით 15-20%-ითაა შემცირებული. ბოლო მონაცემებით, ბენზინი ტონაზე 897 დოლარი ღირს, ხოლო დიზელის ღირებულება 907 დოლარია.

“სტანდარტულად გვაქვს ერთიდან თვენახევრამდე პერიოდის მარაგები. ამ ეტაპზეც შემდეგი ერთი თვე არსებული მარაგები გვეყოფა, თუმცა მოგეხსენებათ ბირჟაზე აქტიურად იკლებს ფასი, შესაბამისად ჩვენც ველოდებით ახალი ფასებით პროდუქციას და ვფიქრობთ, რომ სტანდარტულად ორი-სამი კვირის ვადაში ნელ-ნელა აისახება მომხმარებლებზეც ახალი ფასები.

უფრო მეტად ველოდებით, რომ ფასი შემცირდება დიზელის საწვავზე, რა თქმა უნდა, იმიტომ რომ დიზელის ტიპის საწვავზე იყო აცილებით მეტად გაზრდილი ფასი. შესაბამისად მოლოდინი გვაქვს, რომ დიზელზე უფრო დაიკლებს, თუმცა როგორც პრემიუმის, ისე რეგულარზეც აუცილებლად აისახება.

რამდენთეთრიანი კორექცია იქნება რთული სათქმელია, რადგან ჯერ რამდენიმე დღე არის სულ ფასის კლება მიმდინარეობს. მოგეხსენებათ, რამდენიმე დღის კლებას ვერ ექნება დიდი ეფექტი. ეს ტენდენცია უნდა გაგრძელდეს და იმედია, რომ ტენდენცია არ შეიცვლება და ხვალ კიდევ რაიმე არ მოხდება ისეთი, რაც ბაზარს შემოატრიალებს. ზუსტად რამდენით აისახება რთული სათქმელია მოცემული მომენტისთვის. ალბათ უფრო თვის ბოლოს იქნება ეს მეტ-ნაკლებად გამოთვლადი.

პლაცის ფასები დოლარში დგება, ყოველდღიურად ქვეყნდება და ბოლო გამოქვეყნებული მაჩვენებლებით, ბენზინის ტიპის საწვავზე ფასი არის 897 დოლარი ტონაზე და დიზელის ტიპის საწვავზე 907 დოლარია. დაახლოებით არის 15-20 პროცენტიანი კლება, გააჩნია კონკრეტულად რომელ პერიოდს ვადარებთ. ეს ფასი არის ბირჟის ფასი. ამას ემატება ტრანსპორტირება, განბაჟება, აქციზი და მიწოდება ქსელში. შესაბამისად საბოლოო ფასი გამოდის ლარში კურსის გათვალისწინებით ერთ ლიტრზე”,-აცხადებს ჯემალ ონიანი.

17 ივნისის მდგომარეობით, Conect-ის ქსელში ფასები ასე გამოიყურება:

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები