"ქართულ ოცნებას" საარჩევნო კოდექსში მორიგი ცვლილებები შეაქვს. კანონის პროექტი უკვე პარლამენტშია და მას იურიდიულ საკითხთა კომიტეტზე დღეს საპარლამენტო უმრავლესობის წევრი დავით მათიკაშვილი წარადგენს.
ერთ-ერთი ბოლო ცვლილება უცხოეთში საპარლამენტო არჩევნებზე საარჩევნო უბნების არგახსნას ეხებოდა, შედეგად ათასობით ქართველი ემიგრანტი არჩევნებში მონაწილეობას ვერ შეძლებს.
პარლამენტში განხილული ახალი კანონპროექტი მიხედვით კი:
- საარჩევნო კომისიის სხდომაზე პირის მიერ სხდომის ფოტო-ვიდეო გადაღებისა და აუდიო მონიტორინგის წესი ცესკოს დადგენილებით განისაზღვრება;
- საერთაშორისო დამკვირვებელი შეიძლება იყოს მხოლოდ უცხო ქვეყნის მოქალაქე 18 წლის ასაკიდან;
- განისაზღვრება საერთაშორისო დამკვირვებლის თანმხლები თარჯიმნის რეგისტრაციის პროცედურები.
კანონპროექტის მიხედვით, ცესკოს მიერ რეგისტრირებულმა საერთაშორისო დამკვირვებელმა ორგანიზაციამ კენჭისყრის დღემდე არაუგვიანეს მე-2 დღისა ცესკოს მდივანს უნდა წარუდგინოს დამკვირვებლების/თარჯიმნების შესახებ ინფორმაცია და მათი პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტების ფოტოასლები. ამ ინფორმაციის შინაარსსა და ფორმას განკარგულებით ადგენს ცესკო.
საარჩევნო კომისიის მდივანი ვალდებულია დამკვირვებლების/თარჯიმნების სიის წარდგენიდან არაუგვიანეს მე-2 დღისა რეგისტრაციაში გაატაროს ამ კანონის მოთხოვნათა დაცვით წარდგენილი დამკვირვებელი/თარჯიმანი და დამკვირვებელ ორგანიზაციას გადასცეს დამკვირვებლის/თარჯიმნის მოწმობა, რომელიც იმავდროულად არის სამკერდე ნიშანი.“
რაც შეეხება გადაღების წესს, პროექტში წერია, რომ კენჭისყრის შენობაში ყოფნის უფლების მქონე პირს, კენჭისყრის კაბინის გარდა, აგრეთვე საარჩევნო კომისიის სხდომაზე დასწრების უფლების მქონე პირს საარჩევნო პროცესისთვის ხელის შეშლისა და აუდიო მონიტორინგის განხორციელების გარეშე შეუძლიათ აწარმოონ ფოტო-ვიდეო გადაღება. საარჩევნო კომისიის სხდომაზე პირის მიერ სხდომის ფოტო-ვიდეო გადაღებისა და აუდიო მონიტორინგის წესი განისაზღვრება ცესკოს დადგენილებით.




























