17 მაისი მსოფლიო ჰიპერტენზიის დღე აღინიშნება თარიღი, რომელიც მაღალი არტერიული წნევის შესახებ საზოგადოების ცნობიერების ამაღლებას ემსახურება. ჰიპერტენზიას ხშირად „ჩუმ მკვლელს“ უწოდებენ, რადგან ის შესაძლოა სიმპტომების გარეშე მიმდინარეობდეს, თუმცა მნიშვნელოვნად ზრდის გულის დაავადებების, ინსულტისა და თირკმლის პრობლემების განვითარების რისკს. მსოფლიო მასშტაბით ამ დაავადებით მილიარდზე მეტი ადამიანი ცხოვრობს. მსოფლიო ჰიპერტენზიის დღის წლევანდელი მთავარი გზავნილია - „ვმართოთ ჰიპერტენზია ერთად!“ კამპანიის მიზანია მოსახლეობის ინფორმირება, პრევენციის ხელშეწყობა და არტერიული წნევის რეგულარული კონტროლის წახალისება. ამ ინიციატივას საქართველოში საერთაშორისო ფარმაცევტული კომპანია GM PHARMA უერთდება და მოსახლეობას უფასო სამედიცინო კონსულტაციებსა და კვლევებს სთავაზობს. კამპანიის ფარგლებში უფასო გასინჯვები ქვეყნის სხვადასხვა ქალაქში ტარდება, სადაც პაციენტებს შესაძლებლობა აქვთ მიიღონ კვალიფიციური ექიმის კონსულტაცია და ჩაიტარონ ელექტროკარდიოგრაფია, ხოლო საჭიროების შემთხვევაში გულის ექოსკოპიაც.


































