მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

საერთაშორისო გამჭვირვალობა: "საპარტნიორო ფონდის" საქმიანობა მეტ გამჭვირვალობას საჭიროებს

57beaef76c51c
BM.GE
25.08.16 12:37
1422
სს „საპარტნიორო ფონდი“ სახელმწიფო საინვესტიციო ფონდია - მისი 100% სახელმწიფო საკუთრებაშია. შესაბამისად, მისი საქმიანობის, განხორციელებული პროექტების ეფექტიანობა და გამჭვირვალობა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია. ფონდის საქმიანობაზე ანგარიშს არასამთავრობო ორგანიზაცია „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო“ აქვყნებს.

„საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს” მიაჩნია, რომ:

აუცილებელია, „საპარტნიორო ფონდის’’ ვებგვერდზე მოცემული იყოს დეტალური და გადამოწმებული ინფორმაცია ყველა პროექტის შესახებ. ინფორმაცია უნდა მოიცავდეს პროექტის დაწყების და დასრულების თარიღსა და ფონდის პროექტში საინვესტიციო მოცულობასაც; ასევე, ეტაპობრივად, თოთოეულ პროექტზე უნდა ხდებოდეს ინფორმაციის მუდმივი განახლება იმის შესახებ თუ განვითარების რა ფაზაშია პროექტი; საჯარო უნდა იყოს პროექტში როგორც თანაინვესტორი, ისე შემსრულებელი კომპანიების დამფუძნებლები და კომპანიების საქმიანობის შესახებ სრული ინფორმაციაც, ბუნებრივია, ისე რომ კომპანიების კომერციული საიდუმლოება არ დაირღვეს. ასევე, ნებისმიერი ტიპის პროექტის შემთხვევაში საჯარო უნდა იყოს შემსრულებელი კომპანიების არჩევის მიზნით ჩატარებული პროცედურებიც;

„„საპარტნიორო ფონდის” მიერ დაფინანსებული პროექტების გამჭვირვალობის უზრუნველყოფის კუთხით დამატებითი რეგულაციები უნდა იქნას შემოღებული. კერძოდ, უმჯობესი იქნება, თუ კანონის დონეზე აიკრძალება „საპარტნიორო ფონდის” სახსრების ისეთ იურიდიულ პირებზე გაცემა, რომლებიც რეგისტრირებული არიან ოფშორულ ზონაში, ასევე, იმ იურიდიულ პირებზე, რომელთა წილს ან აქციებს პირდაპირ ან ირიბად ფლობს ოფშორულ ზონაში რეგისტრირებული პირი.

ცნობისთვის, მსგავსი რეგულაცია ქართულ კანონმდებლობაში უკვე არსებობს და ეს მაუწყებლობის ლიცენზიის მფლობელ კომპანიებს ეხება. ასევე, შესაბამისი საკანონმდებლო რეგულირების ვალდებულება აიღო საქართველოს მთავრობამ 2016 წლის 12 მაისს, ლონდონში გამართულ ანტიკორუფციულ სამიტზე.

ყველა პროექტში, მიუხედავად იმისა ფონდის მონაწილეობა მაჟორიტარულია თუ მინორიტარული, აუცილებელია, პროექტის მიზნებისთვის ნებისმიერი სამუშაოს შემსრულებელი პირის გამოვლენა სრულყოფილი (ღია და ინკლუზიური) ტენდერის გზით ხდებოდეს. სხვაგვარად ჩნდება იმის რისკი, რომ შემსრულებელი კომპანიების არჩევა სხვადასხვა პირადი ინტერესებიდან გამომდინარე შეიძლება მოხდეს, შესაბამისად, ადგილი ჰქონდეს სახელმწიფო სახსრების არაეფექტიან ხარჯვას.

როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, ფონდის ვებვერდზე ფონდის საქმიანობისა და პროექტების შესახებ სრული ინფორმაცია არ მოიპოვება. კვლევის თავდაპირველ ეტაპზე, ინფორმაცია ფონდიდან ოფიციალურად გამოვითხოვეთ, თუმცა მის მიღებაზე უარი მივიღეთ და მხოლოდ ფონდის ცალკეულ თანამშორმელებთან კონტაქტის შედეგად ვიღებდით ინფორმაციას. თუმცა, მას შემდეგ, რაც კვლევის პირველი ვარიანტი მის საჯაროდ გამოქვეყნებამდე ფონდს გავუგზავნეთ, ამ უწყებამ გამოთქვა მზადყოფნა, მოეწოდებინა ჩვენთვის სასურველი ინფორმაცია, თუმცა არასრულად. ვფიქრობთ, რომ ეს მიდგომა არ რის მართებული, განსაკუთრებით სახელმწიფო საინვესტიციო ფონდისთვის, რომელიც, სახელმწიფო სახსრებს განკარგავს და ამიტომ გამჭვირვალობის და ანგარიშვალდებულების მაღალი სტანდარტით უნდა გამოირჩეოდეს“, - განმარტავენ არასამთავრობოში.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები