ერთ კომპანიაზე მორგებული ტენდერები, დაბალი კონკურენცია შესყიდვებში მცირე ბაზრის გამო და ქვეკონტრაქტორების პრობლემა, - ეს არის ის 3 პრობლემა, რასაც არასამთავრობო ორგანიზაცია „საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველო“ დღეს ტენდერებში ყველაზე მძიმედ ასახელებს.
ორგანიზაციის წარმოამდგენელი ლევან ნატროშვილი ამბობს, რომ საქართველოში მცირე ბაზრის გამო დაბალი კონკურენციაა.
"ტენდერის პირობები არის ხოლმე მორგებული კონკრეტულ კომპანიებზე. ისე არის ჩამოყალიბებული პირობები, რომ მხოლოდ კონკრეტული კომპანიები აკმაყოფილებენ, ხშირად კი მხოლოდ ერთი კომპანია აკმაყოფილებს. ამასთან ბრძოლა მნიშვნელოვანი და რთულია, რადგან თვითონ შემსყიდველი ორგანიზაცია აკეთებს ამას და თვითონ არის დაინტერესებული.
მეორე პრობლემა არის ის, რომ ზოგადად დაბალი კონკურენცია ახასიათებს საქართველოს მსგავს მცირე ქვეყანას. პირობების მორგება კი კიდევ უფრო ამცირებს კონკურენციას. შესაბამისად, ამ გარემოში ხდება ისეთ კომპანიებთან კონტრაქტების გაფორმება, რომლებიც არ იმსახურებენ, ან საეჭვო გარემოებები ახლავს ხოლმე მათს საქმიანობას. მაგალითად, ჩვენ გვქონდა შემთხვევა, როდესაც ახლადშემქნილი კომპანიები იგებდნენ ტენდერებს.
ასევე, პრობლემას წარმოადგენს ქვეკონტრაქტორები. მთავარი კონტრაქტორის გადასაწყვეტია - ხელშკერულებით აღებული ვალდებულება მან შეასრულოს თუ ქვეკონტრაქტორმა. ამ მხრივ უფრო მეტი რეგულაციაა საჭირო, - მინიმუმ უნდა ვიცოდეთ, ვინ არიან ქვეკონტრაქტორები“,- აცხადებს ლევან ნატროშვილი.