საერთაშორისო კონფერენცია "საქპატენტის" 30 წლის იუბილესთან დაკავშირებით
BM.GE
13.10.22 08:56
• 188
საქართველოს ინტელექტუალური საკუთრების ეროვნული ცენტრის -„საქპატენტის“ დაარსებიდან 30 წლის იუბილესთან დაკავშირებით, თბილისში საქპატენტის ორგანიზებითა და ინტელექტუალური საკუთრების მსოფლიო ორგანიზაციის მხარდაჭერით, საერთაშორისო კონფერენცია 12-13 ოქტომბერს იმართება. კონფერენციის თემაა - „ინტელექტუალური საკუთრების უწყებების როლი ეროვნულ ინოვაციურ ეკოსისტემაში“. ორი დღის განმავლობაში, კონფერენციის მიმდინარეობისას, მონაწილეები განიხილავენ ეროვნული ინოვაციური სისტემის განვითარებაში ინტელექტუალური საკუთრების უწყებების ჩართულობის მნიშვნელობას, ყურადღება გამახვილდება ბიზნესის დამატებითი მომსახურებებით უზრუნველყოფისა და საინოვაციო საქმიანობის მხარდაჭერის საკითხებზე. ასევე, იმსჯელებენ ინოვაციასა და ცოდნაზე დაფუძნებული ეკონომიკის შესახებ, უფლებების აღსრულებასთან დაკავშირებული ქმედებების კოორდინაციაში ინტელექტუალური საკუთრების უწყებების როლზე. კონფერენცია მიზნად ისახავს სხვადასხვა ქვეყნის ეროვნულ ინოვაციურ ეკოსისტემაში ინტელექტუალური საკუთრების უწყებების როლის განსაზღვრას და ამ მიმართულებით მათი პრაქტიკული გამოცდილებისა და ცოდნის გაზიარებას, რაც ხელს შეუწყობს ეროვნული ინოვაციური ეკოსისტემის განვითარებაში ინტელექტუალური საკუთრების უწყებების უფრო აქტიურ და ქმედით მონაწილეობას.