მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

საერთაშორისო მხარდაჭერით საქართველოში უკრაინელმა ლტოლვილმა მეწარმეებმა კიდევ 19 ახალი ბიზნესი დაიწყეს

ქეა კავკასია
17.07.25 14:57
276

გერმანიის მთავრობის ხელშეწყობით, გაეროს განვითარების პროგრამა (UNDP) და ორგანიზაცია „ქეა კავკასია“ აგრძელებენ უკრაინელი ლტოლვილების მხარდაჭერას საქართველოში. პროგრამის ფარგლებში ლტოლვილ მეწარმეებს ეძლევათ შესაძლებლობა, ჩამოაყალიბონ და განავითარონ მცირე და საშუალო ზომის ბიზნესი.

"ქეა კავკასიას" ცნობით, 2022 წლიდან დღემდე ამ მხარდაჭერამ 30-ზე მეტი მცირე და საშუალო საწარმოს ამოქმედება უზრუნველყო, ხოლო 16 ივლისს მათ რიცხვს კიდევ 21 ბიზნესი, მათ შორის 19 უკრაინული საწარმო შეემატა.

ღონისძიება თბილისის უკრაინულ სახლში გაიმართა, სადაც პროექტის დონორებმა და პარტნიორებმა ლტოლვილ მეწარმეებს სერტიფიკატები გადასცეს და მიღწეული შედეგები შეაჯამეს. მონაწილეებმა ხაზი გაუსვეს საერთაშორისო მხარდაჭერის გადამწყვეტ როლს ლტოლვილთა ეკონომიკური მედეგობის განმტკიცებაში.

„გერმანიის მთავრობის მიზანმიმართული მხარდაჭერა ჰუმანიტარულ დახმარებას გრძელვადიან შესაძლებლობად აქცევს,“ — აღნიშნა გერმანიის ელჩმა საქართველოში, პეტერ ფიშერმა. მისი თქმით, უკრაინული საწარმოები, რომელიც დღეს საქართველოში ფუნქციონირებს, არა მხოლოდ ეხმარება ლტოლვილებს რთულ ვითარებაში, არამედ რეალურ წვლილს შეაქვთ საქართველოს ეკონომიკაში გადასახადებისა და სამუშაო ადგილების სახით.

გაეროს მუდმივმა კოორდინატორმა საქართველოში, დიდიე ტღებიუკმა, უკრაინელი მეწარმეების სიმტკიცე და გაუტეხლობა აღნიშნა.

„თითოეული წარმატებული ბიზნესი ძლიერი და ღირსეული ადამიანების დამსახურებაა. აღსანიშნავია, რომ უმეტეს საწარმოს ქალები ხელმძღვანელობენ, რაც თემებს დამატებით აძლიერებს.“

ქეა კავკასიას აღმასრულებელმა დირექტორმა, ქეთევან ხაჩიძემ, ორგანიზაციის მიზნებზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ წარმატებული გამოცდილების გაზიარება და მეტ მეწარმეზე მხარდაჭერის გავრცელება ორგანიზაციის პრიორიტეტად რჩება.

პროექტის ძირითადი შედეგები (2025 წლის ივლისის მდგომარეობით):

  • 2022 წლიდან დღემდე, პროგრამის ფარგლებში 39 ბიზნესი დაფინანსდა, რომელთაგან 32 სრულად ფუნქციურია;
  • ამ საწარმოებმა 8.4 მილიონი ლარის შემოსავალი და 2 მილიონი ლარის მოგება გამოიმუშავეს;
  • საგრანტო ინვესტიცია – 370,814 ლარი → უკუგება – 552%;
  • წლიურად, აღნიშნული კომპანიები ბიუჯეტში 73,000 ლარს იხდიან გადასახადების სახით;
  • მეწარმეები საქმიანობენ სხვადასხვა სექტორში — სარესტორნო ბიზნესი, ხელნაკეთი ნივთები, ტექნოლოგიური სერვისები და სხვ.;
  • პროექტის კომპლექსური მიდგომა მოიცავს ბიზნეს-ტრენინგებს, ენის კურსებს, მენტორობას, რაც ლტოლვილ მეწარმეებს სოციალური ინტეგრაციისა და ეკონომიკური მდგრადობის გაძლიერებაში ეხმარება.

ლტოლვილ მეწარმეთა მიერ დაფუძნებული ბიზნესების დეტალური კვლევის შედეგები ხელმისაწვდომია UNDP-ის ვებგვერდზე.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები