მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

საერთაშორისო მნიშვნელობის გზებზე გზისპირა ზონის არეალი ფართოვდება - კანონში ცვლილება შედის

შოთა ბერეკაშვილი

პარლამენტს „საავტომობილო გზების შესახებ“ კანონში ცვლილებები შეაქვს. ამის შესახებ "ქართული ოცნების" დეპუტატმა შოთა ბერეკაშვილმა ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის სხდომაზე განაცხადა. მისი განმარტებით, საერთაშორისო მნიშვნელობის გზებზე გზისპირა ზონის არეალი ფართოვდება.

"წარმოდგენილი ცვლილება ეხება შეუთანხმებელი მოქმედების აკრძალვას საერთაშორისო მნიშვნელობის გზების მონაკვეთებზე, სადაც მაღალი სიჩქარის რეჟიმისა და მოძრაობის ინტენსივობის გამო, გზის მახლობლად განხორციელებული საქმიანობა ქმნის რეალურ საფრთხეს.

დღევანდელ რეალობაში, როცა საქართველოს ურბანული გარემო სწრაფად იზრდება და ინტენსიურად მიმდინარეობს როგორც კომერციული, ისე საცხოვრებელი ინფრასტრუქტურის განვითარება, საავტომობილო გზებზე სივრცული მოქმედების 100-მეტრიანი რადიუსი ვეღარ აკმაყოფილებს უსაფრთხოების თანამედროვე მოთხოვნებს.

აღნიშნულიდან გამომდინარე, შემოთავაზებული ცვლილებებით, საერთაშორისო მნიშვნელობის საავტომობილო გზებზე გზისპირა ზონის არეალი განისაზღვრება 200 მეტრით გზის ღერძიდან ორივე მხარეს. შესაბამისად, იმ ტერიტორიაზე, რომელიც მოექცევა აღნიშნულ ზონაში, ნებისმიერი სახის საქმიანობა დასაშვები იქნება მხოლოდ გზის მფლობელთან წინასწარი შეთანხმების საფუძველზე.

მთავრობის დადგენილებით კი განისაზღვრება კონკრეტულად, რომელი საავტომობილო გზების მონაკვეთისთვის იმოქმედებს აღნიშნული ნორმა, აგრეთვე რა ტიპის საქმიანობაზე გავრცელდება შეთანხმების მოთხოვნა.

ეს მექანიზმი არსებითად მნიშვნელოვანია, რადგან ყველა გზა ერთნაირი დატვირთვის, მნიშვნელობისა და საფრთხის მატარებელი არ არის. შესაბამისად, დიფერენცირებული მიდგომა უზრუნველყოფს უფრო მოქნილ, ეფექტიან და მიზნობრივ მართვას", - განაცხადა ბერეკაშვილმა.

მისივე თქმით, ინიციატივა წარმოადგენს კიდევ ერთ ნაბიჯს ევროკავშირის სტანდარტებთან დაახლოებისკენ, სადაც გზის უსაფრთხოება, სატრანსპორტო სისტემის მდგრადობა და სივრცითი განვითარება ურთიერთდაკავშირებულ კომპონენტებად განიხილება.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები