"საერთაშორისო პრაქტიკით, დეპოზიტების დაზღვევით, როგორც წესი სესხებზე საპროცენტო განაკვეთები მცირდება"
BM.GE
16.08.16 18:15
• 1807
დეპოზიტების დაზღვევა ყველა ბანკისთვის სავალდებულო იქნება და შესაბამისი კანონი ძალაში 2018 წლიდან შევა. შესაბამისი ფონდის მოცულობა თავდაპირველად 20 მილიონი ლარი იქნება, რომელსაც სრულად კომერციული ბანკები უზრუნველყოფენ. კანონმდებლობის დეტალებზე “ბიზნესკონტრაქტთან“ ფინანსთა მინისტრის მოადგილე დავით ლეჟავა საუბრობს.
- კომერციულ ბანკებთან მქონდა შეხვედრა და მათი მხრიდან გარკვეული შენიშვნები იყო გამოთქმული. ბევრი ამ შენიშვნებიდან ტექნიკური ხასიათის იყო, თუმცა უფრო ყურადღებას არა ტექნიკური ხასიათის შენიშვნებზე გავამახვილებ. ბანკებს სურვილი ჰქონდათ, რომ ფონდის მართვაში მათი მონაწილეობა უფრო გაზრდილი ყოფილიყო და მეტი უფლებები ჰქონოდათ.
- ამ საკითხთან მიმართებაში ფინანსთა სამინისტროს დამოკიდებულება როგორია?
- ფონდი საკმაოდ დამოუკიდებელი უნდა იყოს და კომერციულ ბანკებს გარკვეული ინტერესთა კონფლიქტიც აქვთ მართვის ნაწილში. ფონდის მენეჯმენტში კომერციული ბანკების ჩართულობის გაზრდის საკითხს განვიხილავთ. არ გამოვრიცხავ, რომ ეს გათვალისწინებული იქნეს. მთლიანად სააგენტოს მუშაობაში, სამეთვალყურეო საბჭოში მონაწილეობის ზომა შეიძლება გაიზარდოს. უშუალოდ ფონდის მართვას რაც შეეხება, იგი პროფესიულად უნდა იმართოს. ან სააგენტომ უნდა მართოს ან გათვალისწინებულია, რომ მან ეს უფლება მესამე მხარეს გადასცეს, რომელიც კვალიფიციური ორგანიზაცია იქნება, მათ შორის ეს შესაძლოა ეროვნული ბანკიც იყოს. გადაწყვეტილებას, თუ ვის გადაეცემა ფონდი სამართავად სამეთვალყურეო საბჭო განსაზღვრავს.
- როგორ მოხდება ფონდის საბჭოს დაკომპლექტება?
- აღნიშნულ ფონდს სამეთვალყურეო საბჭო ეყოლება, რომელიც 5 წევრისაგან შედგება და ეს საბჭო გადაწყვეტს თუ ვინ იქნება სააგენტოს მმართველი. სააგენტო და ფონდი ორი სხვადასხვა რამ არის. სააგენტო მთლიანად სისტემას მართავს და ფონდი მისი ერთ-ერთი ნაწილია.
- კომერციული ბანკების მხრიდან რა შენიშვნები გამოითქვა?
- დეპოზიტების დაზღვევისთვის ბანკმა გადასახადი მხოლოდ იმ ნაწილიდან უნდა გადაიხადოს, რომელიც დაზღვეული იქნება. დაზღვეული არის 5 000 ლარამდე დეპოზიტები და ბანკებს სურდათ, რომ ეს უფრო მკაფიოდ ყოფილიყო თქმული, რომ მთლიანად დეპოზიტიდან არ დაიბეგრება თანხა, არამედ მხოლოდ ის ნაწილი დაიბეგრება, რომელიც დაზღვეული იქნება. ცხადია, ეს შენიშვნა გათვალისწინებული იქნება.
- ლარიზაციას ხომ არ გაუკეთებს ეს ყველაფერი სტიმულირებას?
- ეს კანონმდებლობაში გათვალისწინებულია, კერძოდ, ლარით დაზღვეული დეპოზიტებისათვის გადასახდელი თანხა ნაკლები იქნება, ვიდრე დოლარით დაზღვეული დეპოზიტების, თუმცა ორივე ტიპის დეპოზიტი დაზღვეული იქნება. ის, რომ ფონდი მოცულობითი უნდა იყოს და მას საზოგადოების მხრიდან ნდობა ქონდეს, ამასთან დაკავშირებით შეკითხვები არ ყოფილა. ბანკებმა სურვილი გამოთქვეს, რომ ეს ფონდი შედარებით ნელა შეივსოს. ვფიქრობთ, რომ ის ვარიანტი, რომელზეც ახლა ვართ ჩამოყალიბებული საკმაოდ ოპტიმალურია, რაც საბანკო სექტორს სერიოზულ წნეხად არ დააწვება.
- კანონპროექტი ამჟამად რა ეტაპზეა?
- კანონპროექტის ვარიანტი მზად არის და განსახილველად მთავრობის სხდომაზე უნდა გავიდეს. ბოლო შესწორებები საბოლოო ექსპერტიზას გადის და ალბათ დაახლოებით 1-2 კვირაში შესაძლებელი იქნება იგი მთავრობამ განიხილოს და პარლამენტში გადააგზავნოს.
- იურიდიულ პირებზე როდის მოხდება ამ ყველაფრის გავრცელება?
- კანონპროექტით გათვალისწინებული არ არის იურიდიული პირების დეპოზიტების დაზღვევა, თუმცა აღსანიშნავია, რომ ევრო დირექტივა, რომელიც დეპოზიტების დაზღვევას ეხება, იურიდიული პირების დეპოზიტების დაზღვევასაც ითვალისწინებს. ევრო დირექტივასთან მიახლოების ვალდებულება ჩვენ 2020 წლიდან გვაქვს. როგორ შეიცვლება და რა ეტაპზე დაემატებიან იურიდიული პირები ისევ სამეთვალყურეო საბჭოს გადასაწყვეტი იქნება.
- აღნიშნულზე ცალსახა პასუხი არ მაქვს. არსებობს ახსნა იმაზე, თუ რატომ შეიძლება საპროცენტო განაკვეთი გაიზარდოს და ასევე არსებობს ახსნა, პირიქით თუ რატომ შეიძლება იგი შემცირდეს. საერთაშორისო პრაქტიკა ამბობს, რომ როდესაც დეპოზიტების დაზღვევა შემოდის, როგორც წესი სესხებზე საპროცენტო განაკვეთები მცირდება.