მოსალოდნელია, რომ საერთაშორისო რეზერვების აკუმულაცია მომდევნო თვეებშიც გაგრძელდება, თუმცა შედარებით ზომიერი ტემპით,- ამის შესახებ "თიბისი კაპიტალის" მაკროეკონომიკურ განახლებაშია აღნიშნული.
საგულისხმოა, რომ ივნისის ბოლოსთვის რეზერვები 7.1 მილიარდ აშშ დოლარამდე გაიზარდა.
"სავალუტო ბაზარზე ბოლო თვეებში არსებული სიჭარბე, რომელიც ლარის გამყარებასა და საერთაშორისო რეზერვების ზრდას უწყობს ხელს, სავარაუდოდ ივნისსა და ივლისის დასაწყისშიც შენარჩუნდა. ივნისში უცხოური ვალუტის შემოდინებებში საკმაო წვლილი შეიტანა არა-რეზიდენტების მხრიდან ქართული სახელმწიფო ფასიანი ქაღალდების გააქტიურებულმა შესყიდვებმაც, რამაც უცხოელი ინვესტორების წილი მთავრობის ფასიან ქაღალდებში 2022 წლის თებერვლის შემდეგ მაქსიმალურ, 8.3%-მდე გაზარდა.
ამ ფონზე, მოლოდინების შესაბამისად, საერთაშორისო რეზერვები ივნისის ბოლოსთვის კვლავ გაიზარდა და 7.1 მილიარდი აშშ დოლარი შეადგინა, რაც წლიურად თითქმის 52%-იანი მატებაა. ასევე, სებ-მა დამატებით 100 მილიონი აშშ დოლარის ღირებულების მონეტარული ოქრო შეიძინა, რის შედეგადაც ოქროს წილმა მთლიან რეზერვებში 14.2%-ს მიაღწია. მოსალოდნელია, რომ რეზერვების აკუმულაცია მომდევნო თვეებშიც გაგრძელდება, თუმცა შედარებით ზომიერი ტემპით",- აღნიშნულია მიმოხილვაში.



























