მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

საერთაშორისო საფეხბურთო ტრანსფერების რაოდენობამ რეკორდულ ნიშნულს მიაღწია

რეკორდული რაოდენობის ტრანსფერები

საერთაშორისო ფეხბურთის მმართველმა ორგანომ გამოაქვეყნა ანგარიში, რომლის მიხედვითაც ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის დროს 11 ათასმა ფეხბურთელმა გამოიცვალა კლუბი, რაც წინა წელთან შედარებით 4,8%-ით გაზრდილი მაჩვენებელია.

მსოფლიო მასშტაბით გუნდებმა ისტორიაში მეორე შედეგი დააფიქსირეს - 6,4 მილიარდი დოლარი დახარჯეს ტრანსფერებზე, საიდანაც 5,58 მილიარდი ევროპის კონტინენტზე მოდის.

ყველაზე მხარჯველი საფეხბურთო ქვეყანა ინგლისია 1,6 მილიარდი დოლარით, ხოლო მათ კლუბებს შორის უდიდესი თანხა ლონდონის “ტოტენჰემმა” გადაიხადა დომინიკ სოლანკეში 64,3 მილიონი ევროს სახით.

ინგლისმა გასულ წელთან შედარებით ხარჯები 15,5%-ით შეამცირა და ეს ყველაფერი “ნოტინგემ ფორესტისა” და “ევერტონის” სანქციებითაა გამოწვეული, რომელთაც ფინანსური დარღვევების გამო ეროვნულ ჩემპიონატში ქულები დააკლდათ.

თითქმის განახევრებულია საუდის არაბეთის სატრანსფერო შედეგებიც. თუ შარშან საუდელებმა $875 მილიონი დახარჯეს, წელს ამ ეტაპზე $431 მილიონი აქვთ გადახდილი ტრანსფერებში, თუმცა აღმოსავლეთში სატრანსფერო ფანჯარა ოქტომბერში იხურება.

ინგლისელები ასევე ლიდერობენ განხორციელებული ტრანსფერების რაოდენობითაც. ჯამში 526 ფეხბურთელი გადაბარგდა “ნისლიან ალბიონზე” და მოთამაშეების უმრავლესობა ბრაზილიიდან და პორტუგალიიდან იყო.

ცნობისთვის, ქალთა ფეხბურთის სატრანსფერო ფანჯარაზე 6,8 მილიონი დოლარი დაიხარჯა, რაც შარშანდელ მაჩვენებელთან შედარებით გაორმაგებული შედეგია.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები