მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

საერთაშორისო სასაქონლო ბირჟაზე ხორბლის, სიმინდისა და შვრიის ფასები მცირდება

62d5703c5451e
გიორგი თოლორდავა
18.07.22 19:00
1009
საერთაშორისო სასაქონლო ბირჟაზე დაღმასვლის ძლიერი ტენდენცია გრძელდება, ზოგიერთი საქონლის ღირებულება რუსეთ-უკრაინის ომამდელ ნიშნულსაც კი დაუბრუნდა, მათ შორისაა ხორბალი, რომელიც ამჟამად ბუშელზე 808 დოლარად ივაჭრება.

ფასების შემცირების განსაკუთრებით მკვეთრი ტენდენცია სასოფლო-სამეურნო სექტორში, კერძოდ, ხორბალთან, სიმინდთან, შვრიასა და სოიასთან მიმართებით ფიქსირდება.

სასოფლო-სამეურნეო საქონლის ფასების ცვლილება ერთთვიან ჭრილში:

ხორბალი (-20.6%)
სიმინდი (-21.3%)
შვრია (-26.8%)
სოია (-11.2%)
ყავა (-6.7%)
კაკაო (-3.6%)

საქონლის ფასების შემცირება რამდენიმე ძირითად ფაქტორთანაა დაკავშირებული, მათ შორის ყველაზე მნიშვნელოვანი მსოფლიოს მასშტაბით რეცესიის განვითარების რისკების ზრდაა.

ინვესტორებსა აქვთ მოლოდინი, რომ გლობალური ეკონომიკის შენელება, საბოლოო ჯამში, ენერგორესურსებსა და სამშენებლო მასალებზე მოთხოვნის შემცირებას გამოიწვევს, რაც ნეგატიურ გავლენას ახდენს აღნიშნული საქონლის ფასზე.

რაც შეეხება ტრეიდერების შეფასებას, სავარაუდოა, რომ რუსეთ-უკრაინის ომის დაწყების პერიოდში სპეკულატორებმა მიწოდების ჯაჭვთან დაკავშირებული რისკები ზედმეტად შეაფასეს, რამაც მარტ-აპრილში საქონლის ფასების მკვეთრი ზრდა გამოიწვია, თუმცა მოთხოვნა-მიწოდების ფაქტორების დასტაბილურებამ და გარკვეულ რესურსებთან მიმართებით ალტერნატიული წყაროების გამოჩენამ, თავის მხრივ, ფასების კორექცია გამოიწვია.

სასოფლო-სამეურნეო რესურსებთან მიმართებით ინვესტორთა მოლოდინებს ისეთი ფაქტორებიც ემატება, როგორიცაა: მოსალოდნელი ამინდის პროგნოზი და ახალი სახნავ-სათესი მიწების გაჩენის ფაქტორი. სიმინდისა და სოიოს ფასების შემცირება პირდაპირ კავშირშია აშშ-ში პროგნოზირებულ ხელსაყრელ ამინდთან, ხოლო ბრინჯის ღირებულების შემცირება - აზიის მასშტაბით საწარმოო შესაძლებლობების ზრდასთან.

ექსპერტების შეფასებით, უახლოეს მომავალში სასოფლო-სამეურნეო ბაზარზე გასათვალისწინებელ ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს ფაქტორად უკრაინაში მოპოვებული მოსავლის საკითხი რჩება. თუკი რუსეთ-უკრაინას შორის შედგება გარკვეული შეთანხმება და უკრაინა მიიღებს ხორბლისა და მარცვლეულის ექსპორტზე უსაფრთხოდ გატანის შესაძლებლობას, სავარაუდოდ, საერთაშორისო ბირჟაზე აგრიკულტურული საქონლის ღირებულება კიდევ უფრო მეტად შემცირდება.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები