„ხმა უნდა ამოვიღოთ, ხმამაღლა უნდა ვისაუბროთ ყველა პრობლემურ საკითხზე, რა თქმა უნდა, ჩვენი გამოცდილებიდან გამომდინარე“ - ასე უპასუხა საერთაშორისო სავაჭრო პალატის პრეზიდენტმა ფადი ასლიმ “ანალიტიკა“-ს ავტორისა და წამყვანის - ელენე კვანჭილაშვილის კითხვას: როგორ აპირებს ბიზნესსაზოგადოება გავლენა იქონიოს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების შერჩევის პროცესზე.
ფადი ასლიმ „ანალიტიკა“-სთან კიდევ ერთხელ გაიხსენა 2017 წლის ბოლოს გახმაურებული ბიზნესსაქმეები, რომლებიც თამბაქოს ინდუსტრიას და ამ ბაზარზე ორ ყველაზე მსხვილ მოთამაშეს - Phillip Morriss-სა და BAT-ის ეხებოდა.
შეგახსენებთ, რომ კონკურენციის სააგენტოს მაშინდელი დასკვნის მიხედვით, თამბაქოს ბაზარზე არაკონკურენტული მდგომარეობა არ დგინდებოდა, თუმცა საქალაქო სასამართლომ განსხვავებული განაჩენი გამოიტანა და თამბაქოს მწარმოებელი ორი საერთაშორისო ბრენდი 90 და 100 მილიონი ლარით დააჯარიმა. მოგვიანებით, ეს გადაწყვეტილება სააპელაციო სასამართლომ გააბათილა.
„ხმა ამოვიღეთ და პროცესიც შემოვაბრუნეთ. რომ გავჩერებულიყავით, ეს სერიოზულ უარყოფით გავლენას მოახდენდა საქართველოს ბიზნესკლიმატზე“, - აღნიშნა ფადი ასლიმ „ანალიტიკა“-სთან საუბარში.
გადაცემა ეხებოდა სასამართლო რეფორმის აუცილებლობას და იმ ერთობლივ მიმართვას, რომელიც ოთხმა ბიზნესგაერთიანებამ - ამერიკის სავაჭრო პალატამ საქართველოში, საქართველოს ბიზნესასოციაციამ, ევროკავშირი-საქართველოს ბიზნესსაბჭომ და საერთაშორისო სავაჭრო პალატამ იანვრის ბოლოს გაავრცელეს, უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატების შერჩევის პროცესი გააკრიტიკეს და ამ საკითხზე მთავრობასთან და პარლამენტთან თანამშრომლობის მზადყოფნა გამოხატეს.

























