„მერწმუნეთ, ბევრ მსგავს ფორუმში მიმიღია მონაწილეობა, მაგრამ ამ პირველად ჩატარებულ ღონისძიებაში დავინახე ისეთი საქმის ცოდნა, მონდომება და სწრაფვა, რაც გაცილებით გამოცდილი ქვეყნებისთვისაა დამახასიათებელი“, - ასეთი შეფასება მისცა საერთაშორისო საზღვაო ორგანიზაციის გენერალურმა მდივანმა კიტაკ ლიმმა ბათუმში გამართულ საერთაშორისო საზღვაო ფორუმს.
საერთაშორისო საზღვაო ორგანიზაციის გენერალური მდივნის განცხადებით, მას სჯერა, რომ ბათუმის ფორუმი ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული იქნება საერთაშორისო საზღვაო საქმიანობის კონტექსტში და საქართველოს მთავრობა ამ შესაძლებლობას კარგად გამოიყენებს საქართველოს საზღვაო ინდუსტრიის პრომოციის მიმართულებით.
მისივე თქმით, ბათუმის ფორუმი ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული იყო მსგავს ღონისძიებებს შორის.
„ეს იყო იმაზე გაცილებით მეტი, ვიდრე მოველოდი“, - აღნიშნა კიტაკ ლიმმა და მადლობა გადაუხადა ფორუმის ორგანიზატორ საქართველოს მთავრობას გაწეული საქმიანობისთვის. მისი თქმით, ეს ინიციატივა იყო დროული რეგიონული და საერთაშორისო კონტექსტის გათვალისწინებით.
საერთაშორისო საზღვაო ორგანიზაციის გენერალურმა მდივანმა ასევე ისაუბრა საქართველოში მიმდინარე რეფორმებზე, მნიშვნელოვან ინფრასტრუქტურულ პროექტებზე, რომლებიც ხორციელდება. მისი შეფასებით, ყოველივე ეს საქართველოს დაეხმარება, ჩამოყალიბდეს წარმატებულ საზღვაო სახელმწიფოდ. კიტაკ ლიმის განცხადებით, სწორია საქართველოს მთავრობის ხედვა ტრანსპორტის სხვადასხვა სახეობათა თანაბარი განვითარების შესახებ და იგი ხელს უწყობს საქართველოს ჩამოყალიბებას ჭეშმარიტად სატრანზიტო და ლოგისტიკურ ცენტრად.

























