მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

საერთო სამუშაო სივრცეებზე მოთხოვნა განახევრდა - „ტერმინალი“

CoWorking სივრცე

მიმდინარე სასწავლო და სამუშაო წლის დასაწყისისთვის საერთო სამუშაო სივრცეებზე მოთხოვნა განახევრდა. ამის შესახებ „საქმიანი დილის“ ეთერში „ტერმინალის“ დირექტორმა ჯინო დოლინმა ისაუბრა. მისი თქმით, კლება ერთი მხრივ მიგრანტების ქვეყნიდან გასვლამ, მეორე მხრივ კი მათი დიდ კომპანიებში გადანაცვლებამ განაპირობა.

რაც შეეხება „ტერმინალს,“ კომპანიაში ამბობენ, რომ დატვირთულობა 75%-იდან 85%-მდეა.

„მოთხოვნა წინა წელთან შედარებით მნიშვნელოვნად შემცირებულია. ამას, სავარაუდოდ, განაპირობებს ის, რომ ომის დროს ჩამოსული მიგრანტების ნაწილი უკან დაბრუნდა ან სხვა ქვეყანაში გადავიდა. მომართვიანობა დაუბრუნდა ომამდე პერიოდს. განახევრებულია, თუმცა „ტერმინალის“ დატვირთულობა სტაბილურად ინარჩუნებს 75-85%-იან ნიშნულს, როგორც ეს იყო წინა წლებში.

ზრდა იყო რუსეთი, უკრაინა, ბელარუსის და ასევე საერთაშორისო კომპანიების წარმომადგენლების მხრიდან, რომლებიც გადმოსულები იყვნენ საქართველოში. ნაწილი გავიდა, ნაწილმა საკუთარი დიდი სივრცე შეიძინა.

გლობალურად კოვიდის შემდეგ მოქნილობამ დიდი მნიშვნელობა შეიძინა და ეს ტენდენცია მზარდია. 2027-ში ელოდებიან, რომ კომერციული ფართების 30% CoWorking სივრცეებს ექნება დაკავებული.“ - აცხადებენ „ტერმინალში.“

კომპანია მიმდინარე წლისთვის ფილიალის გახსნას გეგმავდა ქუთაისშიც, თუმცა ამ ეტაპზე აცხადებენ, რომ მთელი რესურსი არსებული სივრცეების დახვეწას მოხმარდება, 2024 წლის ბოლოს კი ბრენდი ევროპულ ბაზარზე გასვლას აანონსებს.

„კონკურენცია საკმაოდ გაზრდილია და ახლა გადავწყვიტეთ, რომ მთელი რესურსი შიდა სერვისი გაუმჯობესებას, სხვადასხვა პაკეტების შეთავაზებას და ასევე დიდ კომპანიებთან დაპარტნიორებას მოვახმაროთ. ამ წელს გაფართოება ქვეყნის შიგნით არ იქნება. ვმუშაობთ დიდ პროექტზე და 2024 წლის ბოლომდე მნიშვნელოვანი სიახლე იქნება „ტერმინალში“, ალბათ უფრო ზაფხულში. ტერმინალის სახელი აუცილებლად გაიჟღერებს ევროპაში.“ - განაცხადა ჯინო დოლინმა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები