ბათუმში მდებარე ტექინსპექტირების ცენტრის, შპს „გივას“ დირექტორი გიორგი კენჭაძე აცხადებს, რომ სერვისის ფასების მატება დღის წესრიგშია. ამის შესახებ მან ჟურნალისტებს „საქართველოს ავტომობილების ინსპექტირების ცენტრების ასოციაციის“ მიერ ორგანიზებულ კონფერენციაზე განუცხადა.
მისი თქმით, გაზრდილია არაერთი ხარჯი, მათ შორის თანამშრომლების ხელფასების მიმართულებით, ასევე დიდ ხარჯებს უკავშირდება გადაიარაღება, ამ ფონზე კი ტექინსპექტირების საფასურის ზრდის საჭიროება დგას.
„[ფასის ზრდა] დღის წესრიგში, რა თქმა უნდა, არის, იმიტომ რომ სახელმწიფო სერვისების ფასიც კი გაიზარდა იუსტიციის სახლში, მომსახურების სააგენტოში და ჩვენთან იგივე დარჩა იმის მიუხედავად, რომ გაიზარდა ელექტროენერგიის, საწვავის ფასი, თანამშრომლებიც ხელფასი, სხვადასხვა მომსახურება. საჭიროა რაღაც რაოდენობით გაიზარდოს ტექინსპექტირების საფასური“, - აღნიშნა გიორგი კენჭაძემ.
მისივე თქმით, არის გარკვეული გამოწვევები, თუმცა რეფორმა ნორმალურად მიდის და ინსპექტირებაზე მიმართვა მზარდია.
„გამოწვევები არის, შესაბამისად არის იმის საშუალებაც, რომ გამოვასწოროთ და გადავლახოთ რაღაცები. ახალი წლიდან ახალი რეფორმები შემოდის, რომელიც კიდევ გაამკაცრებს ტექინსპექტირების ცენტრებზე ზედამხედველობას. მივესალმები, რომ ყველგან ერთნაირი მიდგომა, ზედამხედველობა იქნება და შესაბამისად, სიტუაციაც გაუმჯობესდება.
ყველა წელს იმისდა მიხედვით, რომ მატულობს სატრანსპორტო საშუალებების რაოდენობა, მომართვიანობაც მატულობს. შესაბამისად, სჭირდება ინსპექტორების რაოდენობის გაზრდა. ასევე, რაც უფრო მეტი სატრანსპორტო საშუალება გადის ინსპექტირებას, მით უფრო ცვეთადი ხდება დანადგარები, რომლებიც ძალიან ძვირად ღირებულია. 4-5 დღის უკან შევცვალე დანადგარები, დაახლოებით 80 000 ლარი დაჯდა მცირე დეტალების შეცვლა და ორი ახალი დანადგარი. 6 წელი გავიდა, ცვეთადია ყველაფერი. იმხელა თანხებთან არის დაკავშირებული, ცენტრები რომ გადაიარაღდეს, ინსპექტორების ხელფასიც ის აღარ არის, თავიდან 800 ლარი იყო, 2000 ლარზე ვართ ასული და დღევანდელი მდგომარეობით ესეც საკმარისი აღარ არის, რომ კადრები შევინარჩუნოთ“,- თქვა გიორგი კენჭაძემ.
შეგახსენებთ, ავტოსატრანსპორტო საშუალებების ტექნიკური ინსპექტირება ქვეყანაში 2018 წლის 1-ელ იანვარს დაიწყო. 2019 წლის 1–ელი იანვრიდან კი პერიოდული ტექნიკური ინსპექტირება სავალდებულო გახდა ყველა კატეგორიის ტრანსპორტისთვის.