საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტმა „ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის შესახებ კანონპროექტთა პაკეტი პირველი მოსმენით განიხილა.
მთავრობის საკანონმდებლო ინიციატივა კომიტეტის წევრებს საქართველოს ფინანსთა მინისტრის მოადგილე მიხეილ დუნდუამ წარადგინა. მომხსენებლის განმარტებით, განსახილველ კანონპროექტთა პაკეტი 12-პუნქტიანი გეგმის შესრულებას უკავშირდება, რაც მნიშვნელოვანია ევროკავშირში საქართველოს კანდიდატის სტატუსის მოსაპოვებლად.
კანონპროექტის თანახმად, კანონში გაჩნდება პირდაპირი სამართლებრივი საფუძველი და ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის ზედამხედველობის სამსახურს მიენიჭება უფლებამოსილება, მისი კომპეტენციის ფარგლებში გამოსცეს სამართლებრივი აქტები.
„კანონპროექტის თანახმად, ფართოვდება ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის ზედამხედველობის სამსახურის ზედამხედველობას დაქვემდებარებულ ანგარიშვალდებულ პირთა წრე და მასში მოექცევა პროფესიული მომსახურების გამწევი ბუღალტერი და საბუღალტრო ფირმა (არასერტიფიცირებული ბუღალტრები). აღნიშნული ცვლილებით, შესაძლებელი გახდება სამსახურის მიერ დადგენილი წესით პროფესიული მომსახურების გამწევი ბუღალტრებისა და საბუღალტრო ფირმების რეესტრის წარმოება, შედეგად მოხდება ბუღალტრული საქმიანობის განმახორციელებელ პირთა იდენტიფიკაცია, რაც წარმოადგენს AML/CFT ზედამხედველობის წინაპირობას“, - განაცხადა მიხეილ დუნდუამ.
მისივე თქმით, Moneyval-ის მიერ ჩატარებული მეხუთე რაუნდის შეფასების ფარგლებში, სამსახურთან მიმართებით გამოვლენილი კიდევ ერთ ნაკლოვანებაა ნათელი საზედამხედველო ჩარჩოს არარსებობა ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების აღკვეთის ხელშეწყობასთან დაკავშირებით.
„აღნიშნული განპირობებულია იმ გარემოებით, რომ მოქმედი კანონმდებლობით, მიუხედავად იმისა, რომ სამსახური წარმოადგენს საზედამხედველო ორგანოს ანგარიშვალდებული პირებისათვის, ,,ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ“ საქართველოს კანონის მიზნებიდან გამომდინარე სამართლებრივი აქტების გამოსაცემად სამართლებრივი საფუძველი არ არსებობს კანონში“, - განაცხადა მომხსენებელმა.
როგორც ფინანსთა მინისტრის მოადგილემ განმარტა, მოქმედი კანონის თანახმად, აუდიტორი/აუდიტორული ფირმა ვალდებულია ჰქონდეს საკუთარი ხარისხის კონტროლის სისტემის სათანადო პოლიტიკა და პროცედურები, ხარისხის კონტროლის საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად. აღნიშნული საერთაშორისო სტანდარტი (ISQC) ჩაანაცვლა ახალმა, ასვე საერთაშორისო, ხარისხის მართვის საერთაშორისო სტანდარტმა (ISQM). „საერთაშორისო სტანდარტის ახალი რედაქცია უკვე ცნობილია აუდიტორული მომსახურების განმახორციელებელი პირებისთვის, ეტაპობრივად მიმდინარეობს აღნიშნულ მოთხოვნებზე გადასვლა და დანერგვა. შესაბამისად, კანონის მთელ რედაქციაში ხარისხის კონტროლის საერთაშორისო სტანდარტი (ISQC) იცვლება ხარისხის მართვის საერთაშორისო სტანდარტით (ISQM)“, - განაცხადა მიხეილ დუნდუამ.
„ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ“ კანონპროექტში ცვლილების თანახმად, ანგარიშვალდებულ პირთა ჩამონათვალს პროფესიული მომსახურების გამწევი ბუღალტერი და საბუღალტრო ფირმა ემატება.
ტექნიკური ხასიათის ცვლილება შედის „დეპოზიტების დაზღვევის სისტემის შესახებ“ კანონპროექტში, რომლის მიხედვით, ხარისხის კონტროლის საერთაშორისო სტანდარტი (ISQC) იცვლება მითითებით ხარისხის მართვის საერთაშორისო სტანდარტით (ISQM).