მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

"საფინანსო კომპანია საქართველოს" მეანაბრეები პროკურატურას კონკრეტულ პირობებს უყენებენ

5ba4f3acd33b8
თამუნა დემეტრაშვილი
21.09.18 18:30
1867
საფინანსო კომპანია საქართველოს დაზარალებული მეანაბრეები, პროკურატურას კონკრეტულ პირობებს უყენებენ.

როგორც bm.ge-ს, დაზარალებულთა საინიციატივო ჯგუფის წარმომადგენელმა, ლუდა ხოშტარიამ განუცხადა, მათ რამდენიმე დღის წინ პროკურატურაში 3 პუნქტიანი მოთხოვნა შეიტანეს. ხოშტარიას განცხადებით, მხოლოდ ამ მოთხოვნის დაკმაყოფილების შემთხვევაში დაეთანხმებიან დაზარალებულები, კომპანიის დაპატიმრებულ ხელმძღვანელთან საპროცესო შეთანხმების გაფორმებას. განცხადებას ხელს 49 დაზარალებული აწერს. მათ ჯამში, კომპანიაში, 1 მილიონ 440 ათასი დოლარი ჰქონდათ შეტანილი.

"მერაბ ფერაძეს 3 არჩევანს ვთავაზობთ: პირველი -ციხიდან გამოსვლამდე სრულად დაფაროს ჩვენი თანხები, მეორე- დაფაროს 60%, ხოლო დარჩენილი 40% ქონების სახით გირაოში ჩაგვიდოს, ან მესამე ვარიანტი - თანხის შესაბამისი ღირებულების უძრავი ქონება ჩაგვიდოს გირაში, პლუს 20%, რომ ქონების უკან დაბრუნების მოტივი ჰქონდეს და კონკრეტული გრაფიკის შესაბამისად გადაიხადოს ფული. რომელი ვარიანტიც უნდა აირჩიოს, მხოლოდ ამ შემთხვევაში დავთანხმდებით საპროცესო შეთანხმებას“-განაცხადა ხოშტარიამ.

დაზარალებული სახელმწიფოს მხრიდან არასათანადო რეაგირებაზე საუბრობს, რამაც, მისი თქმით, კომპანია და მისი კლიენტები ამ მდგომარეობამდე მიიყვანა.

"ეროვნულმა ბანკმა 6-ჯერ გააფრთხილა პროკურატურა და შემოსავლების სამსახური, შეემოწმებინათ კომპანია, თუმცა ეს არ მომხდარა. ვაპირებთ სარჩელით სტრასბურგის სასამართლოს მივმართოთ, -დაზარალებულების სახელმწიფოს წინააღმდეგ. ერთხელ მაინც წესიერად რომ შეემოწმებინათ კომპანია, ასეთ დღეში არ ჩავვარდებოდით“-აღნიშნა ხოშტარიამ.

შეგახსენებთ, რომ უკვე მეორე წელია საფინანსო კომპანია საქარველოს დაზარალებულები კუთვნილი ფულის უკან დაბრუნებას ითხოვენ. ჯამში 2 343 მეანაბრეა იდენტიფიცირებული, რომელთა შენატანიც 72 მილიონ ლარს აღწევს.

ამჟამად კომპანიის დამფუძნებელი მერაბ ფერაძე და მმართველი თამაზ ლობჟანიძე პატიმრობაში იმყოფებიან. მათ ბრალად, განსაკუთრებით დიდი ოდენობით თანხის ჯგუფურად გაფლანგვა ედებათ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები