„საფინანსო კომპანია საქართველოს“ დაზარალებული მეანაბრეების ნაწილი, კომპანიის დამფუძნებლის, მერაბ ფერაძის გათავისუფლების მოთხოვნით პერმანენტული აქციების გამართვას გეგმავს, - ამის შესახებ მეანაბრეების წარმომადგენლებმა გადაცემაში ,,საქმიანი დილა“ განაცხადეს. თუმცა, აღნიშნულ საკითხზე მეანაბრეთა შორის აზრთა სხვადასხვაობაა. ერთ-ერთმა მეანაბრემ ლიკა ლომთათიძემ განაცხადა, რომ მათ წინაშე დამნაშავეა, როგორც დამფუძნებელი მერაბ ფერაძე, ასევე სახელმწიფო ინსტიტუტები.
,,ჩვენ მათი მსხვერპლი ვართ. კრედიტორები უმძიმეს მდომარეობაში არიან, თანხები რომლემიც საფინანსო კომპანიაში ჰქონდათ დაბანდებული, მათი საარსებო წყაროა. უმეტესობა პენსიონერი და უმუშევარია. ახლახანს 21-ე მეანაბრე გარდაიცვალა გულის შეტევით. ფერაძის გათავისუფლებას მეანაბრეთა ნაწილი ითხოვს. ჩვენ დაჭერა დაჭერისთვის არ გვინდოდა, ჩვენი მიზანი იყო, რომ ფული გამოჩენილიყო“-განაცხადა ლომთათიძემ. მისი თქმით, მეანაბრეებისთვის მთავარია, რომ კუთვნილი თანხები დაუბრუნდეთ.
,,ჩვენ გვსურდა, რომ ის წარმოებები, რაც ფერაძეს ჰქონდა და შემოსავალს იძლეოდა არ გაჩერებულიყო და ვალის გასტუმრება ეტაპობრივად მომხდარიყო, ამაზე მოლაპარაკებები გვქონდა, მაგრამ ასე არ მოხდა. სახელმწიფო იტყვის, რომ დააშავა და დავიჭირეთ, ფერაძე იტყვის რომ მოვიხადე და ჩვენი თანხები სად არის?“-განაცხადა ლომთათიძემ. მეანაბრეების უფლებების დამცველი მამუკა ტუსკაძე ამბობს, რომ თუ არსებული აქტივების სწორი მართვა მოხდება და თუ ფერაძის და სახელმწიფოს მხირადანაც იქნება ამის მზაობა, ვალის გასტუმრება შესაძლებელია.
დაზარალებული მეანაბრეები ამბობენ, რომ სახელმწიფომ მათ წინაშე უნდა აიღოს როგორც პოლიტიკური, ისე მატერიალური პასუხისმგებლობაც.
შეგახსენებთ, რომ საფინანსო კომპანია საქართველოს 2000-ზე მეტი დაზარალებული ჰყავს, მათ წინაშე არსებული კრედიტორული დავალიანება კი რამდენიმე ათეული მილიონი ლარია.

























