მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

საფინანსო - საბიუჯეტო კომიტეტმა 2025 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის კანონის პროექტი განიხილა

ფინანსთა სამინისტრო
15.10.24 14:56
1922

საფინანსო - საბიუჯეტო კომიტეტმა „საქართველოს 2025 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ კანონპროექტის პირველადი ვარიანტი (თანდართულ მასალებთან ერთად) და - „ქვეყნის ძირითადი მონაცემები და მიმართულებები 2025-2028 წლებისათვის“ დოკუმენტი განიხილა.

მომხსენებელმა, ფინანსთა მინისტრის პირველმა მოადგილე გიორგი კაკაურიძემ ბიუჯეტის პროექტის წარდგენისას ყურადღება გაამახვილა ქვეყნის ეკონომიკაში არსებულ ტენდენციებზე.

მისი თქმით, 2021-2023 წლებში, ეკონომიკის რეალური ზრდის ჯამურმა მაჩვენებელმა 32,0% შეადგინა, ხოლო ნომინალური მთლიანი შიდა პროდუქტი 2020 წელთან შედარებით 63%-ით გაიზარდა და 80 მილიარდ 246 მილიონ ლარს გადააჭარბა.

როგორც გიორგი კაკაურიძემ აღნიშნა, ეს ტენდენცია 2024 წელსაც გრძელდება.

„მიმდინარე წლის რეალური ეკონომიკური ზრდის პროგნოზი დაიგეგმა 5,2%-ის ოდენობით, თუმცა ზაფხულში პროგნოზი გაიზარდა 6%-მდე და ახლა უკვე განახლებული პროგნოზის მიხედვით, მიმდინარე წლის ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელი 8.2%-ია და ნომინალურ გამოხატულებაში ეკონომიკა 89 მილიარდ 608 მილიონ ლარს აჭარბებს“, - განაცხადა ფინანსთა მინისტრის პირველმა მოადგილემ.

მისი თქმით, მაღალმა ეკონომიკურმა მაჩვენებლებმა შესაძლებელი გახადა განხორციელებულიყო მნიშვნელოვანი ფისკალური კონსოლიდაცია და შედეგად შემცირებულიყო მთავრობის ვალის მაჩვენებელი, კერძოდ, 2022 წლის ბოლოსთვის ის 3% იყო, 2023 წლიდან მშპ-ს 2,5%-ის დონეზეა და წელსაც ასე გრძელდება, ხოლო ვალის მაჩვენებელი 60,2%-იდან ჩამოვიდა მშპ-ს 40%-იან მაჩვენებელზე.

გიორგი კაკაურიძის განცხადებით, 2025 წლისთვის რეალური ეკონომიკური ზრდა დაგეგმილია 5,5%-ის ოდენობით, ხოლო საშუალოვადიან პერიოდში - 5,3%; მშპ-ის დეფლატორის პროგნოზი 3%-ს შეადგენს; საშუალო ინფლაციის პროგნოზი მიმდინარე წელს მიზნობრივ მაჩვენებელზე მნიშვნელოვნად ნაკლებია და 1,5%-ს შეადგენს, ხოლო საშუალოვადიან პერიოდში მიზნობრივი მაჩვენებლის ფარგლებშია (3%).

მისი თქმით, ნომინალური მშპ-ის პროგნოზი განსაზღვრულია 97,4 მლრდ ლარის ოდენობით, ხოლო ერთ სულ მოსახლეზე გადაანგარიშებული მთლიანი შიდა პროდუქტი 9 600 დოლარს აჭარბებს. ასევე, საშუალოვადიან პერიოდში, არსებული ზრდიდან გამომდინარე,

მთლიანი შიდა პროდუქტი ზრდა 123 მლრდ ლარს მიაღწევს, რაც ერთ სულ მოსახლეზე გადაანგარიშებით 12 000 დოლარს გადააჭარბებს.

როგორც ფინანსთა მინისტრის პირველმა მოადგილემ აღნიშნა, ნაერთი ბიუჯეტის საგადასახადო შემოსავლები 24,4 მლრდ ლარის ოდენობით განისაზღვრება, რაც მშპ-ს 25,1%-ია. ასევე, ნაერთი ბიუჯეტის დეფიციტი მშპ-ს 2,5%-ს შეადგენს, ხოლო მთავრობის ვალის მაჩვენებელი მშპ-ს 36,8%-ის ფარგლებში.

მისი თქმით, 2025 წლის ნაერთი ბიუჯეტის ხარჯვითი ნაწილი ჯამურად 31,2 მლრდ ლარია, რომლის ფარგლებშიც დაგეგმილია სახელმწიფოს მიერ აღებული ვალდებულებების სრულად დაფინანსება.

პროექტის თანახმად: საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ასიგნებები განისაზღვრა 8.7 მილიარდი ლარით, რაც 2024 წელთან შედარებით 870.9 მლნ ლარით არის გაზრდილია; განათლების, მეცნიერების და ახალგაზრდობის სამინისტროს დაფინანსება განისაზღვრა 2.885 მილიარი ლარით, რაც მიმდინარე წლის მაჩვენებელს 377,0 მლნ ლარით აღემატება; კულტურისა და სპორტისა სამინისტროს დაფინანსება 515,0 მლნ ლარია (იზრდება 43,0 მლნ ლარით); რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს დაფინანსება 3.2 მილიარდ ლარით განისაზღვრა; გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს დაფინანსება 745 მლნ ლარს შეადგენს; ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსათვის 1 მილიარდი ლარია გათვალისწინებული, რაც 199,0 მლნ ლარით აღემატება 2024 წლის მაჩვენებელს; იუსტიციის სამინისტროსთვის გათვალისწინებულია 427,0 მლნ ლარი; თავდაცვის სამინისტროსთვის - 1.6 მილიარდი ლარი; შინაგან საქმეთა სამინისტროსთვის - 1.350 მილიარდი ლარი; საქართველოს პროკურატურისთვის - 68,0 მლნ ლარი; სპეციალური საგამოძიებო სამსახურისთვის - 19,0 მლნ ლარი; სასამართლო სისტემისთვის - ჯამში 174,7 მლნ ლარი; იურიდიული დახმარების სამსახურისთვის - 13,7 მლნ ლარი; სახალხო დამცველის აპარატისთვის - 10,3 მლნ ლარი, ხოლო პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურისთვის - 8,5 მლნ ლარი.

კომიტეტმა, ასევე მოისმინა „საქართველოს 2025 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ კანონპროექტზე სახელმწიფო აუდიტის სამსახურისა და საქართველოს ეროვნული ბანკის დასკვნები.

პარლამენტის რეგლამენტის თანახმად, საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტი სხვა კომიტეტების, ფრაქციების, უფრაქციო პარლამენტის წევრების, პარლამენტის აპარატის იურიდიული დეპარტამენტისა და პარლამენტის საბიუჯეტო ოფისის, ეროვნული ბანკისა და სახელმწიფო აუდიტის სამსახურის დასკვნების, აგრეთვე საკუთარი შენიშვნებისა და მოსაზრებების საფუძველზე მოამზადებს საბოლოო დასკვნას და მას პარლამენტის თავმჯდომარეს წარუდგენს, რომელიც დასკვნას საქართველოს მთავრობას გაუგზავნის.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები