ევროპის საინვესტიციო ბანკის მიერ ორგანიზებული ღონისძიება “მწვანე, ინკლუზიური და ზრდის ფინანსები” დასრულდა. შეხვედრაზე კერძო, საჯარო და საინვესტიციო ბანკის წარმომადგენლებმა საქართველოში მწვანე ეკონომიკის განვითარებაზე ისაუბრეს. ევროპის საინვესტიციო ბანკის სესხების დირექტორის, ლიონელ რაპაის განცხადებით, საერთაშორისო საფინანსო ორგანიზაციამ საქართველოში 2 მილიარდ ევროზე მეტი მოცულობის ინვესტიცია ჩადო, 400 მილიონი კი მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარებას მოხმარდა.
კერძო სექტორში აღნიშნავენ, რომ მიუხედავად დახმარებებისა, მცირე და საშუალო კომპანიებისთვის ერთ-ერთი მთავარი გამოწვევა კვლავ ფინანსებზე ხელმისაწვდომობაა.
ფინანსისტი, პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის ყოფილი თავმჯდომარე, ირაკლი კოვზანაძე BMG-სთან აცხადებს, რომ ქართული საბანკო სექტორის განვითარების მთავარი მიზეზი ევროპულ ფინანსებზე წვდომაა. მისი თქმით, ქართულმა საფინანსო სექტორმა მცირე და საშუალო ბიზნესისთვის ფინანსებზე ხელმისაწვდომობა კიდევ უფრო უნდა გაზარდოს.
"ყველა საბანკო წარმომადგენლის გამოსვლა მნიშვნელოვანი იყო. ყველამ ერთხმად დაადასტურა, რომ ქვეყანაში კიდევ ბევრია გასაკეთებელი იმისთვის, რომ საბანკო დაწესებულებების პორტფელში მცირე და საშუალო ბიზნესი კიდევ უფრო მეტად იყოს წარმოდგენილი. ვფიქრობ, რომ ევროპის საინვესტიციო ბანკი, ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი, ყველა ერთად, კიდევ უფრო მეტად შეუწყობს ხელს, რომ მცირე და საშუალო ბიზნესს მეტი ხელშეწყობა ჰქონდეს და ფინანსებზე წვდომა გაიზარდოს. ევროპული საფინანსო ინსტიტუტები ყველაფერს ხელს შეუწყობენ და ქართულმა ბანკებმა, საფინანსო ინსტიტუტებმაც უნდა გაზარდონ ფინანსებზე წვდომა", - განაცხადა ირაკლი კოვზანაძემ.