საპარლამენტო უმრავლესობის წევრი პაატა კვიჟინაძე ერთ-ერთია იმ დეპუტატებს შორის, რომელმაც 2015 წელს, ეროვნული ბანკიდან საფინანსო ზედამხედველობის სამსახურის გამოყოფას დაუჭირა მხარი, დღეს კი პოზიცია შეიცვალა და მის უკან დაბრუნებას ემხრობა.
კვიჟინაძე მიიჩნევს, რომ წინა მოწვევის პარლამენტის გადაწყვეტილებაც მართებულია, ისევე როგორც დღეს - მისი შეცვლა.
"თვითონ გადაწყვეტილება, სებ-ის შიგნით იქნება, თუ გარეთ, პრინციპული და მნიშვნელოვანი არ არის. მთავარია, ეს როგორ მუშაობს, იმ დროს იყო ეჭვები საზოგადოებაში, პარლამენტშიც, რომ ყველაფერი ისე არ კეთდებოდა, როგორც საჭირო იყო.
იყო შეგრძნება, რომ ყველაფერი გამჭვირვალე და ნათელი არ იყო. მაგალითად, 2009-2010 წლებში ეროვნული ბანკი დაახლოებით 50-ჯერ ჩაერია ვაჭრობაში - იგრძნობდა თუ არა, რომ ლარის მერყეობა იწყებოდა, იქვე ერთვებოდა. 2015 წელს ეს მაჩვენებელი დაახლოებით რვაზე ჩამოვიდა, ისიც დიდი თანხებით. გარდა ამისა, იყო სხვა საკითხებიც, იგივე რეფონანსირების სესხებთან დაკავირებით და სხვა. მე არ შემიძლია ვთქვა, რომ რაიმე არასწორი, ან დანაშაულებრივი იყო, მაგრამ ასეთი ეჭვები იყო და პარლამენტს ჰქონდა განცდა, რომ ამ საკითხისთვის მეტი ყურადღება მიექცია", - განაცხადა კვიჟინაძემ.
დეპუტატის განმარტებით, დღეს ვითარება შეიცვალა.
"ცხოვრება გრძელდება, ჩვენ ბევრი გეგმა გვაქვს. სავალუტო ფონდიც გვეუბნება, რომ ან იქით დატოვეთ, ან აქეთო (საფინანსო ზედამხედველობის სააგენტო). მას არ უთქვამს ოფიციალურად, რომ სავალუტო ფონდი გამოყოფას მხარს უჭერს, ან - არა", - აღნიშნა კვიჟინაძემ.
"საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ" საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე" მთავრობის მიერ ინიცირებული კანონპროექტის განმარტებით ბარათში ვკითხულობთ, რომ „საერთაშორისო პრაქტიკის კვლევამ ცხადყო საფინანსო სექტორის ზედამხედველობის ფუნქციის ცენტრალური ბანკის ფარგლებში არსებობის უპირატესობა". ასევე, განმარტებით ბარათში სებ-ში ზედამხედველობის სააგენტოს მუშაობასთან დაკავშირებით საერთაშორისო ფინანსური ინსტიტუტების რეკომენდაციებია მოყვანილი. სწორედ ამ რეკომენდაციებით მთავრობა 2015 წელს მიღებული გადაწყვეტილების ცვლილებას ასაბუთებს.
"გასათვალისწინებელია საერთაშორისო სავალუტო ფონდის 2017 წლის 8 თებერვლის წერილი, რომლის თანახმად გაზრდილი ფინანსური შესაძლებლობის (EFF) პროგრამის ინიცირების წინაპირობას წარმოადგენს იმ საკანონმდებლო აქტების გაუქმება, რომლის მიხედვითაც საჯარო სამართლის იურიდიული პირი - საქართველოს საფინანსო ზედამხედველობის სააგენტო გამოეყო საქართველოს ეროვნულ ბანკს და გადაეცა საფინანსო სექტორის ზედამხედველობის ფუნქცია. ზემოაღნიშნული პროგრამა გულისხმობს მაკროეკეონომიკური რეფორმების განხორციელებაში საერთაშორისო სავალუტო ფონდის მხრიდან დახმარებას და სარეზერვო ფონდებისათვის თანხის გამოყოფას.
ასევე აღსანიშნავია აზიის განვითარების ბანკის (ADB), ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის (EBRD), საერთაშორისო სავალუტო ფონდის (IMF), მსოფლიო ბანკის 2015 წლის 24 ივნისის წერილი, რომლითაც ზემოხსენებული საფინანსო ინსტუტუტების მხრიდან რეკომენდირებულია საჯარო სამართლის იურიდიული პირი - საქართველოს საფინანსო ზედამხედველობის სააგენტოს ეროვნული ბანკის შემადგენლობაში მოქცევა, რათა უზრუნველყოფილი იქნეს მონეტარული პოლიტიკისა და ფინანსური სტაბილურობის ურთიერთქმედების გაძლიერება”, - ნათქვამია განმარტებით ბარათში.
შეგახსენებთ, რომ 2015 წელს საფინანსო სექტორის ზედამხედველობის სამსახური ეროვნულ ბანკს დეპუტატ თამაზ მეჭიაურის მიერ მომზადებული კანონის მეშვეობით გამოეყო. მეჭიაურის ინიციატივას პრეზიდენტი, ეროვნული ბანკი და საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებიც ეწინააღმდეგებოდნენ. 2015 წლის 31 ივლისს პრეზიდენტმა პარლამენტის მიერ მიღებულ კანონპროექტს ვეტო დაადო, თუმცა პარლამენტმა ვეტო დაძლია, პრეზიდენტმა კი მეჭიაურის მიერ მიღებულ კანონპროექტს ხელი 10 სექტემბერს მოაწერა.
ამის შემდეგ საქართველოს პარლამენტის დეპუტატების გარკვეულმა ჯგუფმა საკონსტიტუციო სასამართლოში სარჩელის შეიტანეს, რის გამოც 2015 წლის 12 ოქტომბერს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე შეაჩერა "საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ" საქართველოს ორგანული კანონისა და ""საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ" საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე" 2015 წლის 3 სექტემბრის საქართველოს ორგანული კანონის რიგი ნორმების მოქმედება.

























