საფინანსო ზედამხედველობის ეროვნულ ბანკში დაბრუნების საკითხზე მთავრობისგან განმარტებას როგორც საპარლამენტო ოპოზიცია, ისე უმრავლესობა მოითხოვს. შესაბამისი კანონპროექტი დეპუტატებმა ევროპასთან ინტეგრაციის, დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკისა და იურიდიულ საკითხთა კომიტეტებზე განიხილეს. დეპუტატებმა კანონპროექტის პლენარულ სხდომაზე გატანას მხარი დაუჭირეს.
ფრაქცია "ქართული ოცნების" წევრი დავით ჭიჭინაძე მთავრობის გადაწყვეტილებას ეთანხმება, თუმცა კითხვები მაინც აქვს.
"გატანა-შემოტანა ასე არ ხდება, ეროვნული ბანკია, უმრავლესობაა, 42 წევრი დღესაც უმრავლესობაში იმყოფება, ვინც ამ კანონს ხმა მისცა. ეს ალბათ, პოლიტიკური გადაწყვეტილება იყო და ეროვნულმა ბანკმა და მთავრობამაც უნდა აგვიხსნას, რომ ან ეს 42 ადამიანი არ იყო მაშინ სწორი და ვერ ერკვეოდა, ან რეალურად პოლიტიკური გადაწყვეტილება იყო, რადგან მაშინ მე სულ ვამბობდი, რომ ეროვნული ბანკის მიერ საბოტაჟი ხდებოდა, ლარის კურსის მიმართ ბანკებთან შეერთება ხდებოდა და ამიტომ თუ არ დაიწყება ამ საქმეზე ან გამოძიებები, ან მოკვლევები, მაშინ ვერ გავიგე ამ კანონის უკან დაბრუნების არსი და თუ დაიწყება გამოძიება, მაშინ ვიღაცის პასუხისმგებლობის საკითხი უნდა დადგეს", - განაცხადა ჭიჭინაძემ.
იურიდიულ საკითხთა კომიტეტის წევრი, ფრაქციის "ევროპული საქართველო" თავმჯდომარე ოთო კახიძე კი მთავრობის ეკონომიკური გუნდის პოლიტიკური პასუხისმგებლობის საკითხზე საუბრობს და აღნიშნავს, რომ „შეუძლებელია, ორივე შემთხვევაში მთავრობა მართალი ყოფილიყო - მაშინ, როდესაც საფინანსო ზედამხედველობის მექანიზმი ეროვნული ბანკიდან გაჰქონდა და ახლაც, როდესაც უკან აბრუნებს.
"ასე ხომ არ გამოვა, რომ პარლამენტმა გამოიტანოს ინიციატივები, შემდეგ აღმოჩნდეს, რომ თურმე ეს არასწორი ყოფილა და ჩვენ უნდა აღვადგინოთ სტატუს-კვო უნდა აღვადგინოთ. ზარალი, რომელიც მივიღეთ, ამაზე პასუხისმგებელი ვინ არის? პოლიტიკური პასუხისმგებლობა მთავრობას პარლამენტმა უნდა მოსთხოვოს, ჩვენ ამისთვის ვვარსებობთ. ჩვენს წინაშე არიან პასუხისმგებლები მთავრობის წარმომადგენლები", - მიიჩნევს დეპუტატი.
ამასთან, ოთო კახიძის აზრით, 2015 წელს სებ-დან ზედამხედველობის სააგენტოს გამოყოფის შესახებ გადაწყვეტილების ძირითადი მიზეზი ეროვნული ბანკის ყოფილი პრეზიდენტი გიორგი ქადაგიძე იყო.
"კონკრეტული პიროვნება, ეროვნული ბანკის პრეზიდენტი იყო მიუღებელი და ამიტომ ინსტიტუტს ზედამხედველობის ფუნქცია ჩამოაჭრეს, რაც შემდგომ საკონსტიტუციო სასამართლომ შეაჩერა", - აღნიშნა კახიძემ.
დეპუტატების შენიშვნებს მთავრობიდან ფინანსთა მინისტრის მოადგილე ნიკოლოზ გაგუამ და ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტმა მურთაზ კიკორიამ უპასუხეს. კიკორიამ საკითხის პოლიტიკურ მხარეზე არ ისაუბრა და აღნიშნა, რომ ეროვნული ბანკი როგორც 2015 წელს, ისე დღეს, საფინანსო ზედამხედველობის ფუნქციის სებ-ისთვის არსებობას უჭერს მხარს.
"საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებით, ამ ფუნქციას ეროვნული ბანკი ასრულებდა, შესაბამისად, ამ ხნის განმავლობაში ზედამხედველობის ფუნქცია ისედაც ეროვნული ბანკის მიერ სრულდებოდა. მე, როგორც სებ-ის წარმომადგენელი ამ ფუნქციის ეროვნულ ბანკში არსებობას ვუჭერ მხარს", - განაცხადა კიკორიამ.
რაც შეეხება ფინანსთა მინისტრის მოადგილის განმარტებებს, ნიკოლოზ გაგუამ უპასუხოდ დატოვა ჟურნალისტების შეკითხვა, მთავრობამ და საპარლამენტო უმრავლესობამ შეცდომა დაუშვეს თუ არა 2015 წელს.
"მე შემიძლია, კომენტარი გავაკეთო დღევანდელი გადაწყვეტილების მიზანშეწონილობაზე. ვთვლით, რომ დღეს მნიშვნელოვანია, მონეტარული პოლიტიკა და ფინანსური ზედამხედველობა იყოს ერთი სტრუქტურის ქვეშ. ეს ძალიან მნიშვმელოვანია იმ რეფორმების ფონზე, რომელსაც მთავრობა და ეროვნული ბანკი ერთად ატარებენ. პირველ რიგში, ეს არის ლარიზაციის რეფორმა, რომელიც მომავალი რამდენიმე წლის განმავლობაში ძალიან აქტიურად უნდა განხორციელდეს", - განმარტა გაგუამ.
ცნობისთვის, "საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ" საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე" მთავრობის მიერ ინიცირებული კანონპროექტის განმარტებით ბარათში ვკითხულობთ, რომ "საერთაშორისო პრაქტიკის კვლევამ ცხადყო საფინანსო სექტორის ზედამხედველობის ფუნქციის ცენტრალური ბანკის ფარგლებში არსებობის უპირატესობა". ასევე, განმარტებით ბარათში სებ-ში ზედამხედველობის სააგენტოს მუშაობასთან დაკავშირებით საერთაშორისო ფინანსური ინსტიტუტების რეკომენდაციებია მოყვანილი. სწორედ ამ რეკომენდაციებით, რომელთა შორის არის საერთაშორისო სავალუტო ფონდი, მთავრობა 2015 წელს მიღებული გადაწყვეტილების ცვლილებას ასაბუთებს.

























