გასული 24 საათი განსაკუთრებით წარმატებული აღმოჩნდა ჩინური კომპანიებისთვის, ამერიკულ საფონდო ბირჟებზე მათი ფასები რეკორდული ტემპით გაიზარდა.
ჩინური ტექნოლოგიური გიგანტის Alibaba-ს აქციები 27%-ითაა გაზრდილი, Pinduoduo-ს ღირებულებამ თითქმის 40%-ით მოიმატა, 30%-იან ნიშნულზეა JD, ხოლო Baidu-ს აქციების ფასი გასულ 24 საათში 21%-ით გაიზარდა.
ექსპერტების შეფასებით, ფასების მკვეთრი ზრდა ჩინეთის სახელმწიფო საბჭოს გადაწყვეტილებას უკავშირდება, რომელმაც ოფიციალურად დადო პირობა, რომ ხელს შეუწყობდა ამერიკულ საფონდო ბირჟებზე ჩინური კომპანიებს და მათ პირველად საჯარო შეთავაზებებს (IPO).
მთავრობის გადაწყვეტილება ინვესტორებმა და ტრეიდერებმა დადებითად მიიღეს, ზოგიერთი მათგანი კი ფიქრობს, რომ სახელმწიფო საბჭოს გადაწყვეტილება, გრძელვადიან პერსპექტივაში, კიდევ უფრო მეტად გაამყარებს ჩინური კომპანიების პოზიციებს, რაც მათ აქციებს მეტად მიმზიდველს გახდის.
აღსანიშნავია, რომ მიმდინარე კვირა ჩინური კომპანიებისათვის ცუდად დაიწყო. აშშ-ის ფასიანი ქაღალდებისა და საფონდო ბირჟების მარეგულირებელი კომისიის მიერ რამდენიმე ჩინური კომპანიის ამერიკული საფონდო ბირჟებიდან გაძევას ბაზარზე პანიკური ვაჭრობა და Alibaba-სა თუ სხვა მსხვილი ორგანიზაციის აქციების საკმაოდ მკვეთრი შემცირება მოჰყვა, თუმცა ფასების კორექცია მალევე დასრულდა და ამჟამად საფონდო ბირჟაზე აღმავლობის ტენდენცია შეიმჩნევა.
რაც შეეხება ზოგად ინდექსებს, S&P 500 1.84%-ითაა გაზრდილი, NASDAQ-ის ინდექსს შედარებით უკეთესი შედეგი აქვს და მისი ზრდის მაჩვენებელი 2.8%-ს შეადგენს, Dow Jones-ის ღირებულებამ კი 1.4%-ით მოიმატა.
საინვესტიციო შესაძლებლობა:
გასულ წელს საქართველოს ბანკმა Galt&Taggart-თან თანამშრომლობით შექმნა ინვესტირების სპეციალური პლატფორმა, რომელიც მობილბანკითაა ხელმისაწვდომი და მომხმარებელს ამერიკულ საფონდო ბირჟებზე ათასობით კომპანიის, მათ შორის, მსხვილი ჩინური ორგანიზაციების აქციითა და ფასიანი ქაღალდით ვაჭრობის შესაძლებლობას აძლევს, ინვესტირების დაწყება კი 1 დოლარითაც არის შესაძლებელი.




























