ამერიკულ საფონდო ბირჟებზე მიმდინარე კვირის პირველი სავაჭრო სესია ინვესტორების შედარებით ნეიტრალური დამოკიდებულებით დაიწყო, რაც ძირითადი ინდექსების პრაქტიკულად უცვლელად დარჩენაზე აისახება. გასულ 24 საათში 0.02%-ით შემცირდა S&P 500-ის ღირებულება; Nasdaq-ის ინდექსი 0.14%-ით დაეცა; Dow Jones-ის ღირებულებაც ასევე უმნიშვნელოდ, 0.11%-ითაა შემცირებული.
რაც შეეხება გამორჩეულ შედეგებს, უკვე თითქმის ორი კვირაა, რაც ინვესტორთა ყურადღების ცენტრშია ამერიკული ტექნოლოგიური გიგანტი Twitter-ი, რომლის აქციების 100%-ის შეძენის სურვილიც მსოფლიოს უმდიდრესმა ადამიანმა, ილონ მასკმა გამოთქვა და შესაბამისი შეთავაზებაც გააკეთა - მილიარდერი მეწარმე მზად არის, რომ სოციალური ქსელის სანაცვლოდ, დაახლოებით, 43 მილიარდი დოლარი გადაიხადოს. მასკის დაინტერესებას Twitter-ის საბაზრო ღირებულების მკვეთრი ზრდა მოჰყვა, გასულ 24 საათში კომპანიის აქციები თითქმის 7.5%-ით გაიზარდა.
მიმდინარე კვირას, მიუხედავად არასახარბიელო კვარტალური შედეგებისა, ბირჟებზე კარგ შედეგებს აჩვენებენ საბანკო-საფინანსო სექტორში წარმოდგენილი ორგანიზაციები. 6.2%-ითაა გაზრდილი Synchrony Financial-ის კაპიტალიზაცია; Capital One-ის აქციების ფასი 4.1%-ით გაიზარდა; Bank of America-ს ღირებულებამ 3.4%-ით მოიმატა; აშშ-ის ერთ-ერთი უმსხვილესი ბანკის Goldman Sachs-ის საბაზრო კაპიტალიზაცია 2.6%-ითაა გაზრდილი; JPMorgan Chase-ის აქციების ფასი 1.9%-ით გაიზარდა; American Express-ის ღირებულებამ კი 1.8%-ით მოიმატა.
მსოფლიოს მასშტაბით სამომხმარებლო ტექნიკასა და ავტომობილებზე მზარდი მოთხოვნის ფონზე, საფონდო ბირჟებზე იმატებს ნახევარგამტარების, კომპიუტერული პროცესორებისა და ჩიპების მწარმოებელი კომპანიების ღირებულება. მიმდინარე სავაჭრო კვირის გახსნიდან რამდენიმე საათში Microchip Technology-ს საბაზრო ღირებულება 3.1%-ით გაიზარდა; 2.5%-ით მოიმატა NVIDIA-ს აქციების ფასმა; Intel-ის აქციები 2.2%-ითაა გაზრდილი; NXP Semiconductors-ის ღირებულებამ 2%-ით მოიმატა; Qualcomm-ის აქციები კი 1.8%-ითაა გაზრდილი.
საერთაშორისო ბაზარზე ნავთობის გაძვირების ფონზე, ფიქსირდება ენერგეტიკულ სექტორში წარმოდგენილ კომპანიების აქციების ზრდის ტენდენცია: Valero Energy (+5.3%); Phillips 66 (+5.2%); Coterra Energy (+4.6%); Occidental Petroleum (+3.5%); Marathon Petroleum (+3.4%).
ინვესტორებს აქვთ პოზიტიური მოლოდინი, რომ მსოფლიოს მასშტაბით ენერგოპროდუქტების ფასების ზრდა აღნიშნულ სექტორში წარმოდგენილი კომპანიების შემოსავლიანობის ზრდასაც გამოიწვევს.
საინვესტიციო შესაძლებლობა:
გასულ წელს საქართველოს ბანკმა Galt&Taggart-თან თანამშრომლობით შექმნა ინვესტირების სპეციალური პლატფორმა, რომელიც მობილბანკითაა ხელმისაწვდომი და მომხმარებელს ამერიკულ საფონდო ბირჟებზე ათასობით კომპანიის აქციითა და ფასიანი ქაღალდით ვაჭრობის შესაძლებლობას აძლევს, ინვესტირების დაწყება კი 1 დოლარითაც არის შესაძლებელი.




























