ესპანეთი ზოგიერთი მიმართულებით შიდა ფრენებს კრძალავს - მიზეზი ნახშირბადის ემისიების შემცირებაა. ახალი წესით, ფრენები იმ მარშრუტებზე, რომელთა შესრულებაც მატარებლით 2.5 საათზე ნაკლებ დროშია შესაძლებელი, დაშვებული აღარ იქნება, გარდა იმ შემთხვევებისა, თუ ფრენა შიდა აეროპორტიდან საერთაშორისო აეროპორტამდე ტრანსფერს ითვალისწინებს.
აღნიშნული შეზღუდვა ესპანეთის კოალიციური მთავრობის კონგრესზე მიღწეული შეთანხმების შედეგია. ქვეყნის მთავრობა 2050 წლამდე გაწერილ კლიმატის სამოქმედო გეგმას მიჰყვება, მოკლე მანძილზე ფრენების გაუქმებას კი 2021 წლიდან განიხილავს.
აღსანიშნავია, რომ ზუსტად ანალოგიური შეზღუდვა 2023 წლის მაისში საფრანგეთმაც მიიღო.
დოკუმენტი, რომელშიც აკრძალვის პირობებია აღწერილი, კერძო თვითმფრინავების პოტენციურ შეზღუდვაზეც საუბრობს, ისევე როგორც ევროკავშირის საგადასახადო დირექტივაზე, რომელიც საავიაციო საწვავისთვის მოქმედებს.
მოკლე მანძილზე ფრენების აკრძალვის ინიციატივით პოლიტიკური პარტია Sumar-ის ლიდერი, იოლანდა დიაზი გამოვიდა, რომლის თავდაპირველი გეგმაც სარკინიგზო მარშრუტის 4 საათამდე გახანგრძლივებას ითვალისწინებდა, თუმცა საბოლოოდ 2.5 საათი გადაწყდა. გასულ წელს გამოქვეყნებული კვლევის თანახმად, თავდაპირველი ინიციატივა ესპანეთში ყოველწლიურად განხორციელებულ 50 000 ფრენაზე 300 000 ტონა CO2-ს დაზოგავს და ესპანეთის ემისიებს 10%-ით შეამცირებს.