მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

საფრანგეთისა და გერმანიის საპენსიო ფონდებმა შესაძლოა, საქართველოში ენერგოპროექტები დააფინანსონ

5c17d4ba00818
დათო ჯალაღონია
18.12.18 10:00
736
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილის ნათია თურნავას ინფორმაციით, საფრანგეთისა და გერმანიის საპენსიო ფონდებმა შესაძლოა, საქართველოში ენერგოპროექტები დააფინანსონ.

ამის შესახებ თურნავამ BM.GE-ის დღეს პარლამენტში, საკომიტეტო მოსმენაზე დეპუტატებთან გაჟღერებული იდეის შესახებ საუბრისას განუცხადა, რომლის მიხედვით, სამომავლოდ, ენერგოპროექტების დაფინანსების ერთ-ერთ წყაროდ შესაძლოა, საპენსიო ფონდი მოგვევლინოს, თუმცა უახლოესი ხუთი წლის განმავლობაში საქართველოში ჩამოყალიბებულ საპენსიო ფონდს ამის საშუალება არ ექნება.

„საკმაოდ დიდი ინტერესია, იგივე საფრანგეთის საპენსიო ფონდისგან, რომ მან ასეთი პროექტების დაფინანსებაში მონაწილეობა მიიღოს. ასევე, ჩვენთან შემოსულია რამდენიმე ე.წ equity fund-ები, რომელთა თანადაფინანსებაში ასევე მონაწილეობენ უცხო ქვეყნის საპენსიო ფონდები ანუ ეს მექანიზმი პრაქტიკულად უკვე ხორციელდება, მაგრამ ეს ჯერ-ჯერობით შეიძლება, მხოლოდ უცხო ქვეყნის საპენსიო ფონდებზე გავრცელდეს“, - განაცხადა მინისტრის მოადგილემ.

ამასთან, როგორც ნათია თურნავამ განმარტა, უცხო ქვეყნის საპენსიო ფონდების მიერ საქართველოს ენერგეტიკაში თანხების დაბანდებას, საქართველოს მთავრობა ამ დარგის მხარდაჭერის ერთ-ერთ მექანიზმად განიხილავს, რადგან ინვესტორებთან გარანტირებული შესყიდვის შესახებ ხელშეკრულებების გაფორმება მხოლოდ გამონაკლის შემთხვევებში მოხდება.

„ენერგეტიკული რეფორმის ფარგლებში, სულ უფრო და უფრო ნაკლებად იქნება წარმოდგენილი გარანტირებული შესყიდვის პროექტები, მაგრამ ამავდროულად, ჩვენ მიღებული გვაქვს კანონი „კერძო და საჯარო პარტნიორობის“ შესახებ, რომლის ფარგლებშიც სახელმწიფოს აქვს უფლება, სხვა ბერკეტები გამოიყენოს და მათ შორის მსხვილი ენერგეტიკული პროექტების თანადაფინანსება განახორციელოს. რაც შეეხება იმას, თუ რა ფორმით მიიღებს სახელმწიფო მონაწილეობას მსგავსი პროექტების თანადაფინანსებაში, მე გეტყვით, რომ მაგალითად, საქართველოს სახელმწიფო საპენსიო ფონდი უახლოესი 5 წელი ვერ განახორციელებს თანაინვესტირებას მაღალი რისკის პროექტებში და ენერგეტიკული პროექტები სამწუხაროდ, მიეკუთვნება მაღალი რისკის პროექტებს, რომელიც მინიმუმ მშენებლობის ეტაპზე ანუ როგორც მინიმუმ უახლოესი ხუთი წლის განმავლობაში, ეს ბერკეტი ვერ იქნება გამოყენებული.

რაც შეეხება სხვა ქვეყნების საპენსიო ფონდებს, ისინი გამოხატავენ ძალიან მაღალ ინტერესს, რომ თანამონაწილეობა მიიღონ ენერგეტიკული პროექტების დაფინანსებაში - ჩვენ მოგვმართავს გერმანიის საპენსიო ფონდი, ასევე საფრანგეთის საპენსიო ფონდი და ისინი უფრო სწრაფად შეძლებენ ამ ინვესტიციის განხორციელებას“, - განაცხადა მინისტრის მოადგილემ და კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ „ჩვენი საპენსიო ფონდი ამ შესაძლებლობას სულ მცირე ხუთი წელი მოკლებული იქნება".

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები