საფრანგეთმა ხელოვნური ინტელექტის მიერ მართვადი ახალი რობოტიზებული საბრძოლო ქვედანაყოფი Pendragon-ი გამოსცადა. არსებული ინფორმაციით, ინოვაციური პროექტი სახმელეთო რობოტების, უპილოტო საფრენი აპარატებისა და ხელოვნური ინტელექტის სისტემების ერთობლივ ფუნქციონირებას ითვალისწინებს. როგორც ოფიციალური პარიზი განმარტავს, ეს ინიციატივა მიზნად ბრძოლის ველზე ჯარისკაცების სიცოცხლის დაცვას ისახავს. გამოცემა Le Point-ის ინფორმაციით, ახალი ქვედანაყოფი დროთა განმავლობაში ქვეითთა ასეულის ან კავალერიის ესკადრონის გარკვეული ფუნქციების შეთავსებას შეძლებს.
მნიშვნელოვანია ითქვას, რომ სპეციალური რობოტიზებული ქვედანაყოფის სრულფასოვანი წარდგენა 2027 წლის ზაფხულში იგეგმება. პროექტის ფარგლებში შექმნილი სისტემა 10 სახმელეთო რობოტს და 60-მდე დრონს გააერთიანებს. როგორც მედია წერს, მომავალში ხმელეთზე მოქმედი რობოტები სხვადასხვა იარაღით, მათ შორის ტყვიამფრქვევებითა და დისტანციურად მართვადი საბრძოლო მასალის კონტეინერებით აღიჭურვებიან.
ულტრათანამედროვე საბრძოლო ქვედანაყოფის სისტემის მთავარ კომპონენტად მიიჩნევა C2 Pendragon-ის მართვის პლატფორმა, რომელიც რობოტიზებული საშუალებების კოორდინაციას ხელოვნური ინტელექტის დახმარებით ახორციელებს. თუმცა, სამხედრო უწყების გადაწყვეტილებით, საბრძოლო იარაღის გამოყენების შესახებ საბოლოო გადაწყვეტილებას მაინც ადამიანი მიიღებს. შესაბამისად, იმის ალბათობა, რომ ბრძოლის ველზე რობოტმა შეცდომა დაუშვას, მინიმუმამდე შემცირდება.
საფრანგეთის არმიის ვიცე-პოლკოვნიკ კრისტოფის განცხადებით, ტექნოლოგიის გამოყენება ფრონტის ხაზზე 120-130 სამხედრო მოსამსახურეს წინ არსებული საფრთხისაგან დაიცავს. მისი თქმით, სახმელეთო აპარატებსა და დრონებს ზურგში მყოფი 15 ჯარისკაცი დისტანციურად გააკონტროლებს.
ამჟამად სპეციალისტები გამოცდის მესამე ფაზას ატარებენ და ყურადღებას სახმელეთო რობოტებისა და დრონების ურთიერთქმედებაზე ამახვილებენ.
ცნობისთვის, ეს პროგრამა საფრანგეთში 2025 წლიდან ხორციელდება და მას სამხედრო სააგენტო AMIAD-ი, საფრანგეთის ჯარების მომავლის საბრძოლო სარდლობა და თავდაცვის ინდუსტრიის წარმომადგენლები ხელმძღვანელობენ.




























