საქართველოს ყოფილი ელჩი დანიაში, გიგი გიგიაძე BMGTV-ს გადაცემაში „ანალიტიკა“ აცხადებს, რომ ქვეყნები, სადაც „რუსული კანონი“ მიიღეს, ისეთმა ძლიერმა ინსტიტუტებმა, როგორებიცაა NDI და IRI, ქვეყანა დატოვეს. ამის მიზეზი კი, მათ საქმიანობაზე სახელმწიფოების მხრიდან განხორციელებული ძლიერი ზეწოლა იყო.
მისი ინფორმაციით, საფრთხე იმისა, რომ აღნიშნულმა კვლევითმა ორგანიზაციებმა საქართველო დატოვონ, რეალურია, რადგან ქვეყანამ რუსული კანონის იდენტური კანონი მიიღო.
“ქვეყნები, სადაც ეს [რუსული] კანონი მიიღეს, NDI-მ და IRI -მ დატოვა, რადგან მათი ფუნქციონირება ფიზიკურად რთული იყო. ამის ყველაზე კარგი მაგალითია რუსეთი, სადაც 2012 წლიდან ორგანიზაციებმა ქვეყანა დატოვეს.
საქართველოშიც არის იდენტური რეალობა. მიღებულია რუსულის იდენტური კანონი და არის რეალური საფრთხე, რომ ეს ორი უმნიშვნელოვანესი ინსტიტუტი საქართველოში საფრთხის წინაშე აღმოჩნდეს და მოუწიოთ ქვეყნის ტერიტორიის დატოვება. ეს იქნება საქართველოსთვის უკუსვლა, რადგან ჩვენ აღარ გვექნება ობიექტური სურათი წინასაარჩევნოდ. რომელ პარტიას როგორი მხარდაჭერა ექნება, ამისი მონიტორინგი ვეღარ მოხდება და ხელისუფლებას შესაძლებლობა გაეხსნება იმისათვის, რომ მაქსიმალურად მოახდინოს ამ შედეგების მანიპულაცია და თავის სასარგებლოდ გამოყენება. ამიტომ, ამ ორი უძლიერესი ინსტიტუტის არსებობა საქართველოში არის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი“,- ამბობს გიგიაძე.
მისივე თქმით, „რუსული კანონი“ საქართველოში დაახლოებით 50 დღეში შევა ძალაში. თუმცა, უცნობია NDI-სა და IRI-ის მიმართ რა კუთხით მოხდება ამ კანონის მისადაგება და ზეწოლა.
გიგიაძე ასევე განმარტავს, რომ თუ საფრთხე რეალურად წარმოიქმნება, პირდაპირი გავლენა ექნება 26 ოქტომბრის არჩევნებზე და არჩევნების გამჭვირვალობა კითხვის ნიშნის ქვეშ დადგება.