"აქტიურად ვმუშაობთ დროის რეალურ რეჟიმში ანგარიშსწორების (RTGS) სისტემის განახლებასა და მყისიერი გადახდების სისტემის (IPS) დანერგვაზე, რომელიც 2026 წელს იქნება ხელმისაწვდომი,“ - ამის შესახებ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა ნათია თურნავამ სებ-ის მიერ ორგანიზებულ ფინანსური ტექნოლოგიების თემაზე გამართულ საერთაშორისო კონფერენციაზე განაცხადა.
ცნობისთვის, ეროვნულმა ბანკმა რამდენიმე წლის წინ დაიწყო აღნიშნული სისტემის დანერგვის მიზნით მუშაობა. მყისიერი გადახდის სისტემებს საბარათე გადახდების ტრადიციულ სისტემებთან მიმართებით აქვთ ის უპირატესობა, რომ მათი მომსახურების ხარჯები უფრო დაბალია. დღეისთვის აღნიშნული საგადახდო სისტემები 120-ზე მეტ ქვეყანაში არის დანერგილი.
ნათია თურნავას განცხადებით, ფინანსური სერვისების დივერსიფიკაციისა და ინოვაციების ხელშეწყობის მიზნით, ეროვნულმა ბანკმა გამჭვირვალე, მოქნილი და ფინტექ საჭიროებებზე მორგებული მარეგულირებელი ჩარჩო შექმნა.
მისივე შეფასებით, ფინტექის განვითარების სტრატეგია ხელს შეუწყობს საქართველოს ფინტექ ინდუსტრიის განვითარებას, რაც კიდევ უფრო გააძლიერებს კონკურენტუნარიანობას როგორც რეგიონში, ისე საერთაშორისო მასშტაბით.
„მსოფლიო ბანკთან პარტნიორობით მომზადებული ფინტექ სტრატეგიის მიზანია ფინანსური ტექნოლოგიების მიმართულებით ჩვენი გრძელვადიანი ხედვის ჩამოყალიბება. აღნიშნულ პროცესში კი შესაბამისი სახელმწიფო უწყებებისა და კერძო სექტორის მონაწილეობა მნიშვნელოვანია. ვიმედოვნებ, დღევანდელი დღე ხელს შეუწყობს როგორც ერთიანი ხედვის ჩამოყალიბებას, ასევე ფინტექ ეკოსისტემის კიდევ უფრო განვითარებას,“ - აღნიშნა ნათია თურნავამ.
ეროვნული ბანკის მიერ გამართული საერთაშორისო კონფერენცია, რომელიც ფინტექის განვითარების სტრატეგიის შესახებ ცნობადობის ამაღლებას მიეძღვნა, მიზნად ისახავდა კერძო და საჯარო სექტორებს შორის თანამშრომლობის გაღრმავებას, როგორც სტრატეგიის შემუშავების, ისე მისი პრაქტიკული იმპლემენტაციის პროცესში. კონფერენციაში მონაწილეობდნენ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი, ვიცე პრემიერი ლევან დავითაშვილი, იუსტიციის მინისტრი პაატა სალია, ქალაქ თბილისის მერი კახა კალაძე, შვეიცარიის ქალაქ ლუგანოს მუნიციპალიტეტის გენერალური მდივანი რობერტ ბრეგი. ასევე მოწვეულ სტუმრებს შორის იყვნენ ფინანსური სექტორის, სახელმწიფო უწყებებისა და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები.




























