საგადასახადო შეღავათები მთავრობის განსაზღვრული ჩარჩოთი - ქართული ოცნება ინოვაციურ სტარტაპებს, ინოვაციურ მცირე და საშუალო ბიზნესს და კვლევებისა და განვითარების მომსახურების გამწევ კომპანიებს 10 წლით საგადასახადო შეღავათებს ჰპირდება. იდეა, რომელიც ჯერ კიდევ 1 წლის წინ გაჟღერდა კანონპროექტად იქცა და განსახილველად პარლამენტს წარედგინა. „ინოვაციების შესახებ“ კანონში დაგეგმილი ცვლილების თანახმად, ინოვაციური სტარტაპის მიერ გაცემული ხელფასი პირველი 3 წლის განმავლობაში საშემოსავლო გადასახადისგან გათავისუფლდება, მეოთხე წლიდან 3 წლის განმავლობაში 5 %-ით, შემდეგ კი 10%-ით დაიბეგრება. თავად ტექნოლოგიური დარგის წარმომადგენლები ამბობენ, რომ სექტორის განვითარებისთვის საგადასახადო შეღავათები მნიშვნელოვანია, თუმცა კითხვები აქვთ თავად იმ კრიტერიუმებთან დაკავშირებით, რომლის მიხედვითაც მთავრობამ კომპანიები ინოვაციურ სტარტაპებად შეიძლება მიიჩნიოს. რას გულისხმობს ინოვაციური სტარტაპებისთვის დაგეგმილი საგადასახადო შეღავათები და როგორ აფასებენ ინიციატივას სექტორის წარმომადგენლები?